ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, January 3, 2010

”რენო” 2011 წლიდან ისევ ტიტულისთვის იბრძოლებს

Renault aims to be back on top by 2011

3 იანვარი

”რენოს” ფორმულა1-ის გუნდის შეფი ბობ ბელი (სურათზე) აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის ახალი სეზონი გარდამავალი იქნება, 2011 წლიდან კი ის კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატში ”რენოს” დარჩენა გადაწყვეტილი არ იყო, დეკემბრის შუა რიცხვებში კი გუნდს პარტნიორი გამოუჩნდა, რამაც ფრანგულ ავტომწარმოებელს გუნდის შენარჩუნების საშუალება მისცა. ”რენომ” თავისი გუნდის აქციების დიდი ნაწილი ლუქსემბურგელ ბიზნესმენ ჟერარ ლოპესის საინვესტიციო კომპანია ”ჯენიი კეპიტალს” მიჰყიდა.

გასული სეზონი ”რენოს” გუნდისთვის” მეტად წარუმატებელი გამოდგა. ჯერ ერთი, გუნდმა კონკურენტუნარიანი მანქანის მომზადება ვერ შეძლო. მეორეც, შუა სეზონში მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეარყია წინა სეზონის სინგაპურის დიდი პრიზის დროს მომხდარმა სკანდალმა, რასაც ტიტულოვანი და მეორეხარისხოვანი სპონსორების დაკარგვა და გუნდის ორი ხელმძღვანელის - ფლავიო ბრიატორესა და პეტ სიმონდსის დისკვალიფიკაცია მოჰყვა. უფრო მეტიც, ფრანგული კომპანია სერიოზულად დაფიქრდა სახელგატეხილი გუნდის დაშლაზე. დღეს კი ბელი აცხადებს, რომ მისი გუნდი მრავალწლიან სტრატეგიას შეიმუშავებს, რომლის მიზანიც საჯინიბოს მოწინავეთა შორის დაბრუნებაა.

”ჩვენი მიზანი 2011 წლის სეზონისთვის მომზადებაა. მომავალი სეზონისთვის რეალისტური მიდგომა გვექნება. რომ ვთქვათ, მომავალ სეზონში გამარჯვებებისთვის ვიბრძოლებთო, ეს ტყუილი იქნება. დღევანდელი ფ1 ძალიან კონკურენტული გარემოა, სადაც ნახტომისებრი წინსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ სეზონს ჩააგდებ, მერე ერთი სეზონი ლიდერების დასაწევადაა საჭირო. მოკლედ, მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი ის იქნება, რომ ლიდერებს დავეწიოთ და სამეულისთვის ვიბრძოლოთ”, - ამბობს ბელი.

მისი თქმით, 2010 წლის მანქანაზე მუშაობა მაშინაც არ შეწყვეტილა, როდესაც გუნდის ბედი ჯერაც გაურკვეველი იყო. დღეს კი, მას შემდეგ, რაც საჯინიბოს საიმედო პარტნიორი გამოუჩნდა, მისი მომავალი რამდენიმე წლით გარანტირებულია და მზადებაც ენთუზიაზმით მიმდინარეობს.

”ახალი პარტნიორის გამოჩენა ჩვენი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოვლენაა. ჩვენი თანამშრომლები აღარ დარდობენ თავიანთ ბედზე - მათი სამუშაო გარანტირებულია და ახლა ისინი თავიდან ბოლომდე საქმეზე არიან მობილიზებულნი. ჩვენ მრავალწლიან სტრატეგიას მივყვებით, რომლის მიზანი კვლავ ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. და ეს წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია”, - დასძენს ბელი.

No comments:

Post a Comment