ბარიკელოს მონცაზე კარგი გამოსვლის იმედი აქვს
Rubens Barrichello
6 სექტემბერი
რუბენს ბარიკელოს მიაჩნია, რომ იტალიის დიდ პრიზზე, ”ბრაუნი” მეტოქე ”რედ ბულზე” უკეთ იასპარეზებს. ამის იმედს კი მას ის გარემოება აძლევს, რომ მონცას ავტოდრომის მსგავი პარამეტრების მქონე სპა ფრანკორშანზე, ავსტრიული საჯინიბოს პილოტები - მარკ უებერი და სებასტიან ფეტელი სისწრაფით არ გამოირჩეოდნენ.
არადა, ყველა ელოდა, რომ სპაზე ”რედ ბულის” პილოტებს კონკურენციას ვერავინ გაუწევდა. მაგრამ უებერმა ეს რბოლა უქულოდ დაასრულა, ფეტელმა კი გაჭირვებით შეძლო კვარცხლბეკის მესამე საფეხურის დაკავება. რუბინიოს ოპტიმიზმს კი ის გარემოებაც აძლიერებს, რომ მისი აზრით, ”ბრაუნის” BGP 001 მონცას ზორბა ბორდიურებს უკეთ აიტანს, ვიდრე ”რედ ბულის” RB5.
”ადრე ასეთი უხეში ბორდიურები მხოლოდ ორ ტრასაზე - მონცასა და ჰოკენჰაიმზე იყო. ამ სეზონში კი მხოლოდ მონცაზე იქნება. ჩვენი მანქანები კარგად ეგუება მათზე გავლას, რაც რბოლის დროს აუცილებლად გამოგვადგება. თეორიულად, ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს ”რედ ბულების” ჯობნა. მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ბელგიაში ლამის ”ფორს ინდიამ” მოიგო. ასე რომ, სიურპრიზები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა მოსალოდნელი. საერთოდ, ეს სეზონი სიურპრიზებითაა აღსავსე”, - ამბობს ბარიკელო, ვისაც ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავია და ლიდერი, ბრიტნელი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი 16 ქულას უგებს.
ბოლო ხუთი რბოლაა, ბარიკელო ბატონზე უკეთ ასპარეზობს და მართალია, მასზე ხუთით ნაკლები გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაინც იმედს არ კარგავს და დარწმუნებულია,რომ უზარმაზარი გამოცდილება, ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
”კარგია, რომ ტიტულისთვის ბრძოლა იძაბება. პრესინგი პილოტის თავში იბადება და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, შესძლებს თუ არა მასთან გამკლავებას. მსგავსი რამ გოლფშიც ხდება ხოლმე. მაგალითად, მეტოქესთან ქულა-ქულაში მიდიხარ. ამ დროს ნერვიულობას იწყებ. მაგრამ ეს რომ ვარჯიშზე ხდებოდეს, არ ინერვიულებ. ჰოდა, შეჯიბრის დროსაც უნდა წარმოიდგინო, რომ ვარჯიშზე ხარ და ყველაფერი კარგად გამოვა. მეც ვცდილობ, ასე მოვიქცე. ვფიქრობ, ბელგიაში ცუდად არ მიასპარეზია - უამრავი პრობლემის მიუხედავად, ორი ქულა მაინც ავიღე. სიჩქარის მიხედვით, სპაზე კვარცხლბეკზე ასვლა შემეძლო, ჩემს თანაგუნდელს კი რვიანში რბოლის დასრულება ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდებოდა. ზეწოლა ყოველთვის არსებობს, ის სპორტის ნაწილია, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ - მე ხომ დიდი ხანია, რაც ფორმულა 1-ში გამოვდივარ”, - ამბობს ბარიკელო.
ბრაზილიელი დასძენს, რომ ჩემპიონობის ასეთი კარგი შანსი ”ფერარიში” ყოფნისას არასდროს ჰქონია, რადგან იქ მეორე ნომრად იყო გამწესებული და მიხაელ შუმახერის ინტერესების დასაცავად უწევდა ასპარეზობა.
”შემიძლია ვთქვა, რომ ”ბრაუნში” ჩემპიონობის გაცილებით მეტი შანსი მაქვს. გუნდს არ აქვს იმის ფუფუნების საშუალება, რომ მხოლოდ ერთ პილოტს დაუჭიროს მხარი,რადგან ”რედ ბული” ჩვენგან ახლოსაა. ასე რომ, ორივეს თანაბრად გვემსახურებიან, რაც მე ძალიან მომწონს”, - დასძენს რუბინიო.
No comments:
Post a Comment