ლოები შეიძლება ფორმულა 1-შიც ვიხილოთ
Sebastien Loeb
29 სექტემბერი
ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის ბოლოს, კერძოდ კი მის ბოლო ეტაპზე, რომელსაც აბუ დაბის (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) უახლესი ავტოდრომი ”იას მარინა ცირკვიტი” უმასპინძლებს, შესაძლოა რბოლის მონაწილეებს შორის რალიში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოებიც ვიხილოთ.
ფრანგული გამოცემა ”პარისიენი” ვარაუდობს, რომ აბუ დაბის ეტაპზე ლოები ”რედ ბულის” მიწვევით, ”ტორო როსოს” მანქანით იასპარეზებს. ამ თემაზე მითქმა-მოთქმა მას შემდეგ გრძელდება, რაც ”ტორო როსომ” ფრანფი პილოტი სებასტიან ბურდე დაითხოვა.
მაშინ ფორმულაში ლოების გადასვლა იმ უბრალო მიზეზის გამო არ შედგა, რომ ის რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის და მეექვსე ტიტულისთვის იბრძვის. აბუ დაბის ეტაპი კი მას შემდეგ ტარდება, რაც რალის სეზონი დასრულებული იქნება. ამ შემთხვევაში კი ”სიტროენს”, რომლის მანქანითაც იქ ლოები ასპარეზობს, თავისი ლიდერის ფორმულაში გაშვების საწინააღმდეგო არაფერი ექნება.
თავად ლოები ამბობს, რომ ძალიან აინტერესებს საკუთარი შესაძლებლობების დიდი პრიზების ცირკში მოსინჯვა და არ გამორიცხავს, რომ ადრე თუ გვიან, ასეც მოიქცევა. მაგრამ მიმდინარე სეზონში გადასვლა გამორიცხა.
ერთადერთ პრობლემად, რამაც ლოებისთვის ფ1-ში გადასვლაში ხელის შეშლა შეუძლია, ტესტების აკრძალვაა. სწორედ ამის გამო ვერ გავხდით დიდ სპორტში მიხაელ შუმახერის დაბრუნება. მაგრამ როგორც ჩანს, ლოებს ამ პრობლემის მეტნაკლებად მოსაგვარებლად, გამოსავალი მოძებნილი აქვს.
კერძოდ, კატალონიის რალის შემდეგ, ლოები სერია GP2-ის გუნდ ”დევიდ პრაის რეისინგის” ბოლოდის საჭეს მიუჯდება ღიაბორბლიანი სარბოლი მანქანის მართვაში წაივარჯიშებს. ისე კი, ამის გამოცდილება მას უკვე აქვს - შარშან ”რედ ბულის” მანქანით ტესტები გაიარა.
No comments:
Post a Comment