FIA ძრავების გათანაბრების მომხრეა
Engines
22 სექტემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) თანახმაა, ძრავების მონაცემების გათანაბრებას შეუწყოს ხელი, თუმცა დასძენს, რომ ამას მხოლოდ საუკეთესო ძრავების მონაცემების გაუარესების ხარჯზე დაუშვებს.
როგორც ცნობილია, ფორმულა ერთში ამჟამად ეგრეთ წოდებული ძრავების გაყინვის წესი მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლებს თავიანთი აგრეგატების მხოლოდ მინიმალურად განვითარების უფლება ეძლევათ, ძირითად პარამეტრებს კი არ ეხებიან. მაგრამ ამ პირობებშიც კი, ”მერსედეს-ბენცმა” სერიოზულ პროგრესს მიაღწია, რაც სიმძლავრის მატებასა და საიმედოობის გაუმჯობესებაში გამოიხატება.
სხვათა შორის, შარშან ფედერაციამ ძრავების გაყინვის წესი ”რენოსთვის” დროებით შეაჩერა და ფრანგულ კომპანიას თავისი აგრეგატის დახვეწის და მეტოქეებთან დაწევის საშუალება მისცა. ძრავების გათანაბრების იდეა იტალიის დიდი პრიზის შემდეგ წარმოიქმნა, როცა აშკარად გამოჩნდა ”მერსედესის” ძრავების უპირატესობა.
”ეს ის საკითხია, რომელიც ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. FIA-ს ძრავებზე სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნია და მათი შესწავლით შეიძლება დადგინდეს, რაშია საქმე, რამ გამოიწვია ასეთი სოლიდური განსხვავება ძრავების პარამეტრებს შორის. ვფიქრობ, დამთხვევა არ უნდა იყოს, რომ კვალიფიკაციის შემდეგ, პირველი შვიდი პოზიციიდან, ექვსი ”მერსდესის” ძრავებით მოასპარეზე მოასპარეზე პილოტებმა დაიკავეს და რბოლაშიც ისინი დომინირებდნენ”, - ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას ამბობს ”რედ ბულის” შეფი კრისტიან ჰორნერი.
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ამ საკითხის განხილვას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ, მაგრამ FIA წინასწარ აცხადებს, რომ ძრავების გაყინვის წესი დროებით იმისთვის არ შეჩერდება, რომ უარესი ძრავები დაიხვეწოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წინ წასულები თავიანთ ძრავებზე განხორციელებულ მოდიფიკაციებზე იტყვიან უარს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”მერსედეს-ბენცმა” საკუთარ მიღწევებზე ნებით უნდა თქვას უარი და იქ დაბრუნდეს, სადაც თუნდაც ამ სეზონის დასაწყისში იყო. ამაზე შტუტგარტელების დაყოლიება კი იოლი არ იქნება.
No comments:
Post a Comment