”რენო” იოლად გადარჩა
Renault F1
21 სექტემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოტორ სპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ორწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა ფორმულა 1-ის ფრანგულ გუნდ ”რენოს”, რომელმაც აღიარა, რომ სინგაპურის შარშანდელ დიდ პრიზზე მომხდარი ავარია, რომლის დროსაც ბრაზილიელი ნელსინიუ პიკეს მანქანა დაიმტვრა, წინასწარ გამიზნული ქმედების შედეგი იყო.
”სხდომის დროს, ”ING რენო ფ1 ტიმმა” აღიარა, რომ თავის პილოტ ნელსონ პიკესთან წინასწარი შეთანხმებით, სინგაპურის 2008 წლის დიდ პრიზზე ავარია გამოიწვია, რითაც ფ1-ის სპორტული კანონმდებლობა დაარღვია. ამგვარი ქმედებით, ”რენომ” არამხოლოდ სპორტის ერთიანობა დაარღვია, არამედ მაყურებლების, რბოლის ოფიციალური პირების, სხვა მრბოლების და ნელსონ პიკე უმცროსის სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დააყენა”, - ნათქვამია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.
იმავდროულად, ”რენოს” აწ უკვე ყოფილ შეფ ფლავიო ბრიატორეს სამუდამოდ აეკრძალა ფორმულა 1-ში მოღვაწეობა და პილოტების მენეჯერობა. ფრანგული გუნდის ყოფილ ტექნიკურ დირექტორ პეტ სიმონდსს კი FIA-ს ეგიდით ორგანიზებულ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებში მოღვაწეობა ხუთი წლით აუკრძალეს. საბჭომ დაადგინა, რომ სინგაპურულ ინციდენტში გარეული არ ყოფილა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო.
საქმის განხილვის შემდგ, ფედერაციის პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ გამოაცხადა, რომ ”რენო” ფორმულა ერთში რჩება, თუმცა მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, პირობითი დისკვალიფიკაცია სრულად ამოქმედდება და გუნდს ჩემპიონატს დაატოვებინებენ. ფრანგული საჯინიბოს აღმასრულებელმა ბერნარ რეიმ (სურათზე, ჟურნალისტებთან შეხვედრისას) მოგვიანებით პეს რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც სწერია:
”საქმის შინაგანი გამოძიების შემდეგ, FIA-ს ვაუწყეთ, რომ ჩვენს მიმართ წაყენებულ ბრალდებათა უარყოფას არ ვაპირებთ და მაშინვე მივიღეთ გუნდში სათანადოზო ზომები, რითაც დავამკიცეთ, რომ ამ საქმეში მთელი გუნდი არ ყოფილა გარეული. სრულად ვეთანხმებით საჭოს გადაწყვეტილებას და ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის საქციელის გამო, ფორმულა 1-ი საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით. გულწრფელად გვწამს, რომ მალე ყველაფერს წარსულს დავუტოვებთ და ჩვენ ისევ სამუშაოს დავუბრუნდებით. უახლოეს დღეებში, ჩვენი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ გამოვაცხადებთ”.
No comments:
Post a Comment