ბატონი მეორე ადგილით კმაყოფილია
Jenson Button
13 სექტემბერი
მართალია, მონცაზე გამარჯვებით, რუბენს ბარიკელომ ჩემპიონატის ლიდერ ჯენსონ ბატონთან უპირატესობა ორი ქულით შეამცირა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე, ბრიტანელი მას მაინც 14 ქულას უგებს და ბუნებრივია, იტალიის დიდი პრიზის შედეგით კმაყოფილი დარჩა.
მონცაზე კი, მისივე თქმით, გადამწყვეტი მომენტი ის იყო, როცა მან რბოლის დასაწყისშივე შეძლო ჰეიკი კოვალაინენის გასწრება. არადა, ფინელი პილოტის ”მაკლარენი” ხომ სისტემა კერს-ითაა აღჭურვილი...
”სტარტზე კერს-იანი მანქანებისგან ყოველთვის ხიფათია მოსალოდნელი. მაგრამ ფერნანდო ალონსოს უპირატესობა არ ჰქონია, კოვალაინენს კი პრობლემა შეექმნა, მან გვიან დაამუხრუჭა, ბარიკელო და რაიკონენი კი ლამის ერთმანეთს დაეჯახნენ. მე ჰეიკის უკან მივდვდი და ლესმოში (მოსახვევის სახელია) შევუტიე. მეორე ლესმოში კი უკვე წინ ვიყავი. რომ არ გამერისკა და არ გამესწრო, რბოლას ალბათ მესამე, ან მეოთხე დავამთავრებდი”.
”მეორე ადგილი შესანიშნავი შედეგია. რა თქმა უნდა, მოგებაც მინდოდა, მაგრამ რუბენსი შეუდარებელი იყო და მეტსაც ამიტომ მიაღწია. მასთან ორი ქულა დავთმე, მაგრამ სამაგიეროდ, შვიდი ფეტელს მოვუგე. ამიერიდან, ტიტულზე ჩემი მთავარი მოცილე ბარიკელოა. მაგრამ ჩვენ მაინც ჩინბეული ურთიერთობა გვაქვს”.
”ლუისი ბოლო წრეებზე გამეტებით მიტევდა, მაგრამ აქ გასწრება კერს-ითაც კი ძალიან ძნელია. ჯერ არ ვიცი, რა მოხდა. ალბათ, ლუისი გვარიანად გაწბილებულია. მე კი კარგი შედეგი მაქვს”, - ამბობს ბატონი.
No comments:
Post a Comment