ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, September 10, 2009

ესპანური ბანკი ”ფერარის” პარტნიორი გახდა

Santander-Ferrari

10 სექტემბერი

ფორმულა ერთის გუნდების ჩემპიონმა ”ფერარიმ” და ესპანურმა ბანკმა ”სანტანდერმა” პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ხუთი წელი გაგრძელდება. ამ ამბავმა კიდევ უფრო გაზარდა იტალიურ გუნდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ესპანელი ფერნანდო ალონსოს მოსალოდნელი გადასვლის ალბათობა.

ხელშეკრულება ”ფერარის” პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ და ”სანტანდერის” აღმასრულებელმა ემილიო ბოტინმა (სურათზე) გააფორმეს. ეს უკანასკნელი ალონსოს თავგამოდებული ფანია და თავის დროზე, დიდი როლი ითამაშა ესპანელი პილოტის ”რენოდან” ”მაკლარენში” გადაბირებისას. ”სანტანდერი”, რომელიც ევროზონის უდიდესი საბანკო გაერთიანებაა, რამდენიმე წელია, ”მაკლარენის” პარტნიორია, მაგრამ ინგლისურ გუნდზე გული მას შემდეგ აიცრუა, რაც იქიდან ალონსო წამოვიდა.

მაგრამ ჯერჯერობით, ბოტინი ალონსოზე ლაპარაკს ერიდება - მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ბანკში დირექტორები და აღმასრულებლები მივიწვიო, პილოტებზე გადაწყვეტილება კი ლუკა დი მონტეძემოლოს საქმეაო.

უკვე დიდი ხანია, პადოკში იმაზე ლაპარაკობენ, რომ ალონსო მომავალი სეზონიდან ”ფერარის” მანქანით იასპარეზებს. ზოგი ვარაუდით, მისი გადასვლა იმ დღესვე გამოცხადდებოდა, როგორც კი იტალიური საჯინიბო ”სანტანდერთან” კონტრაქტს გააფორმებდა. მაგრამ ჯერჯერობით, ასე არ მომხდარა. თუმცა, ამის ალბათობა ჯერაც დიდია.

სავარაუდოდ, ”ფერარიში” ალონსო ფინელ კიმი რაიკონენს შეცვლის, რომელმაც გუნდს ამ სეზონში პირველი გამარჯვება ბელგიის ეტაპზე მოუპოვა. ყოველ შემთხვევაში, ”სკუდერიაში” ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვს ბრაზილიელ ფელიპე მასას, რომელიც უნგრეთის ეტაპის კვალიფიკაციაზე მომხდარი ინციდენტისას მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო, ამ სეზონში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

დი მონტეძემოლო ამ ეტაპზე, თავისი გუნდის პილოტებზე ლაპარაკს ერიდება. მაგრამ ამ საკითხის მწირ კომენტარში შეფარული პასუხი შეინიშნება და ეს პასუხი უფრო რაიკონენის წასვლას უნდა მოასწავებდეს. თავად განსაჯეთ: ”ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ სასპონსორო ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ. თუ პილოტებზე მეკითხებით, კარგად იცით, რომ ”ფერარის” პილოტები კიმი რაიკონენი და ფელიპე მასა არიან. ძალიან გამახარა მასას შესახებ ამბებმა - ის მალე გამოჯანმრთელდება და როცა დაბრუნდება, მისგან მხოლოდ საუკეთესო შედეგებს მოველით. ფერნანდოს კი იღბლიან უქმეებს ვუსურვებ”.

ბოტინს არ დაუკონკრეტებია ”ფერარისთან” გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური ასპექტები და არც ის უთქვამს, გააგრძელებს თუ არა მისი ბანკი ”მაკლარენთან” პარტნიორობას. სამაგიეროდ დაადასტურა, რომ ”სანტანდერი” კვლავაც იტალიის, ბრიტანეთისა და გერმანიის დიდი პრიზების ტიტულოვანი სპონსორი იქნება.

No comments:

Post a Comment