ფეტელი ბოლომდე ბრძოლას აპირებს
19 სექტემბერი
მართალია, ”რედ ბულის” მფლობელ დიტრიხ მატეშიცს ამ სეზონში ტიტულზე ხელი ჩაქნეული აქვს, მაგრამ გუნდის გერმანლი პილოტი სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონობის მცირე შანსი და სანამ ასე იქნება, ის დანებებას არ აპირებს.
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე, ფეტელი ჩემპიონატის ბრიტანელ ლიდერ ჯენსონ ბატონს 26 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გერმანელი დარჩენილ ოთხივე რბოლას მოიგებს და ბატონი მხოლოდ 15 ქულას დააგროვებს, ან ოთხივე რბოლაში მეხუთე ადგილის დაკავებას შეძლებს, წინ მაინც ბრიტანელი დარჩება.
მოკლედ, ფეტელის ადგილზე ოპტიმიზმს ბევრი ვერ შეინარჩუნებდა. მითუმეტეს, სეზონის დასრულებამდე, მას აუცილებლად მოუწევს ეგრეთ წოდებული ძრავის ჯარიმის გადახდა - ფეტელსაც და მის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერსაც ამ სეზონის ძრავების ლიმიტი უკვე ამოწურული აქვთ, რის გამოც, თუ მათ მანქანებზე ეს აგრეგატი გამოიცვლება, ისინი სტარტზე ათი ადგილით უკან დაიწევენ...
ფეტელის საჩემპიონო შანსი განსაკუთრებით მონცას რბოლის შემდეგ შემცირდა, სადაც მან მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა. ფორმულა 1-ის ოფიციალური საიტის (www.formula1.com) ჟურნალისტმა ინტერვიუ სწორედ მონცას რბოლის შესახებ დასმული კითხვით დაიწყო:
ფ1: სებასტიან, მონცაზე მოპოვებული ერთი ქულა ვერაფრით გაგახარებდათ. რატომ იყო ეს ეტაპი თქვენი გუნდისთვის ასეთი რთული?
სებასტიან ფეტელი: სიმართლე რომ ვთქვა, პრობლემები თავიდანვე შეგვექმნა. იტალიაში ჩასვლამდე საკმაოდ თავდაჯერებულები ვიყავით, მაგრამ პირველივე ვარჯიშზე გამოვლინდა, რომ მანქანას სიჩქარე აკლდა. როგორც ჩანს, მონცას ტრასა ჩვენს მანქანას არ შეეფერება. არადა, ჩემი პირველი გამარჯვება შარშან სწორედ აქ მოვიპოვე.
წვიმას ვითარების შეცვლა შეეძლო, მაგრამ იქ ყოფნისას ამინდი არ გაფუჭებულა. ის ერთი ქულაც რომ ავიღე, გამიმართლა, მაგრამ ”ბრაუნის” შედეგის გათვალისწინებით, ჩვენთვის ეს ეტაპი წარუმატებელი გამოდგა. და ახლა მოუთმენლად ველით სინგაპურის რბოლას, რომელშიც გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაპირებთ. იმავე მიზანს დარჩენილ ოთხივე ეტაპზე ვისახავთ. მთავარი ქულათა მაქსიმუმის მოპოვებაა. თუ ეს შევძელით, დანარჩენი მეტოქეების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ფ1: მონცას რბოლაზე პირველ ექვს ადგილზე გასული მანქანებიდან, ოთხს ”მერსედსის” ძრავი ჰქონდა. ეს ხომ არ ნიშნვს, რომ ეს საჩემპიონ ძრავია?
სებასტიან ფეტელი: ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში, სიჩქარის ნაკლებობა ძრავის ბრალი არ იყო. საიდუმლოს გამხელა არც ის იქნება, თუ ვიტყვი, რომ ”მერსედესს” საუკეთესო ძრავები აქვს. მაგრამ არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია იმისათვის, რომ ”რენოს” არ ვენდოთ. ისინი თავიანთი შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობენ. მოკლედ, არ მგონია, რომ მონცაზე ძრავის გამო წავაგეთ, თუმცა თქვენს კითხვაზე ზუსტი პასუხი ასეთია - დღეისათვის ”მერსედესის” ძრავები სხვებისას სჯობს.
ფ1: თქვენ ამბობთ, რომ კვლავ აგრძელებთ ტიტულისთვის ბრძოლას. ბატონს 26 ქულით ჩამორჩებით და რამდენადაც ტიტულის იმედს ინარჩუნებთ, ესე იგი, გეგმაც უნდა გქონდეთ, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. სად და როდის აპირებთ შეტევაზე გადასვლას?
სებასტიან ფეტელი: ყველგან და ყოველთვის. აქედან მოყოლებული, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ყველა რბოლას განსხვავებულად მივუდგებით, ქულებს კი სეზონის ბოლოს დავითვლით. მაშინვე გამოჩნდება, საკმარისია თუ არა ეს ჩემპიონობისთვის. თქმა არ უნდა, ჩამორჩენა ძალიან დიდია და მისი აღმოფხვრაც ძალიან ძნელი იქნება. მაგრამ დარწმუნებული იყავით, ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ფ1: ”მაკლარენი” და ”ფერარი” უკვე მომავალი სეზონის მანქანებზე მუშაობენ. რას აპირებს ”რედ ბული”? დარჩენილი რბოლებისთვის სიახლეებს ამზადებთ?
სებასტიან ფეტელი: ჩვენ ვაგრძელებთ ამ მანქანაზე მუშაობას. სინგაპურში ჩვენ ახალ წინა ფრთას და ძრავის გარსაცმს გამოვიყენებთ. ვფიქრობ, სხვა გუნდებიც ბოლომდე გააგრძელებენ თავიანთი მანქანების სრულყოფას. დარჩენილ რბოლებში ქულების მოპოვებით ჯერაც ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. რაც შეეხება სამერმისო მანქანას, ის წლევანდელის მსგავსი იქნება. ოღონდ, რა თქმა უნდა, შასი აუცილებლად შეიცვლება, რადგან რბოლისას საწვავის შევსების აკრძალვის გამო, ავზების მოცულობის გაზრდა მოგვიწევს. ბაზისი კი იგივე დარჩება.
ფ1: მონცაზე თქვენ ძრავების ლიმიტი ამოწურეთ. როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას. შეძლებთ დაჯარიმების თავიდან აცილებას იმის ხარჯზე, რომ ნახმარ ძრავებს გამოიყენებთ?
სებასტიან ფეტელი: ჯერ ერთი, ძრავებმა არ უნდა გვიმტყუნოს. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ წინა ორი ეტაპის პრაქტიკებზე ტრასაზე იშვიათად გამოვდიოდი. თუ ძრავი გვიმტყუნებს, ჯარიმა არ აგვცდება. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა, მონცაზე სრულიად ახალი ძრავი დაგვეყენებინა. მაგრამ მაშინ ამას ვერავინ გარისკავდა...
ფ1: სეზონის განმავლობაში, თქვენი სახით, პერსპექტიული ახალგაზრდა პილოტი, ჩემპიონობის პრეტენდენტად მოგვევლინა. ამან ალბათ თქვენი ცხოვრება შეცვალა. ამას როგორ ეგუებით?
სებასტიან ფეტელი: ცხოვრება დიდად არ შემცვლია. ისევ ის პიროვნება ვარ, როგორმაც ჩემპიონატი დავიწყე. სამაგიეროდ, ბევრ რამეს ვსწავლობ. გუნდში ძალიან მალე გავშინაურდი. როგორც კი გამარჯვებები დავიწყე, ჩემდამი მეტი პატივისცემა ვიგრძენი. მაგრამ იმავდროულად, პასუხისმგებლობაც მატულობს. პრესა მზადაა, რომ შენი ნებისმიერი სიტყვა აიტაცოს. ალბათ, ოცი წლის წინ, ამ მხრივ, ყველაფერი გაცილებით იოლად იქნებოდა. საბოლოოდ, ვინც ხარ, ისვე დარჩები. სხვების გამო ვერ შეიცვლები და არც უნდა შეიცვალო. რა თქმა უნდა, არის ბევრი რამ, რაზეც არ უნდა ილაპარაკო. ამას მედიასთან ხშირი ურთიერთობა გასწავლის...
ფ1: პილოტების აღლუმების დროს, თქვენ ხშირად სხვა პილოტებს ემასლააფებით. რას გვეტყვით მათ შესახებ, რას სწავლობთ მათგან?
სებასტიან ფეტელი: მრბოლების აღლუმი ჩვენი ერთად თავმოყრის ლამის ერთადერთი საშუალებაა. როგორც წესი, პადოკში ყოფნისას, ყველა ცდილობს, რომ ურთიერთობა მხოლოდ თავის გუნდთან ჰქონდეს. იქ ყველა და ყველაფერი იმდენად დახურულია, რომ ურთიერთობის საშუალება მხოლოდ აღლუმის, ან პრესკონფერენციების დროს გვეძლევა.
ფ1: თქვენი აზრით, ვინ გახდება ჩემპიონი და რატომ?
სებასტიან ფეტელი: ვიმედოვნებ, ეს მე ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, ბოლო წუთამდე ბრძოლას ვაპირებ. ვიცი, რომ ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ვნახოთ. ვფიქრობ, მოწინავე ოთხეულს, ან სამეულს მაინც, ამის კარგი შანსი გვაქვს. ზოგისთვის ეს შანსი უფრო დიდია, ზოგისთვის - პატარა. სიურპრიზი იქნება, თუ ტიტულს ბარიკელო მოიპოვებს. ის შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ბერდება კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმულა ერთს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ვნახოთ, ვინ იქნება ეს.
No comments:
Post a Comment