”რედ ბულის” საჩუქარი საქართველოს
ანუ, აბსოლუტური სიგიჟე ჰაერში
ბადრი კეთილაძის ფოტოები (გაზეთი მსოფლიო სპორტი)
........................................................................................
უჩვეულო შოუ, რომელიც შაბათ საღამოს თბილისელებმა თავისუფლების მოედანზე, სახელდახელოდ მოწყობილ მოტოდრომზე იხილეს, ”რედ ბულის” საჩუქარია, რომელმაც მართალია მოკრძალებულად, მაგრამ საქართველო მაინც გარია სპორტის შედარებით ახალი, თუმცა ამის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში მზარდი პოპულარობით გამორჩეული სახეობის - ”ფრისტაილ მოტოქროსის მარაქაში.
შოუზე, სახელწოდებით ”რედ ბულ იქს ფაიტერს იქსჰიბიშნ ტურ”, მოკრძალებული მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობა იყო. თბილისში სულ სამი თავზეხელაღებული მოტოქროსმენი ჩამოვიდა, მაგრამ თავისუფლებაზე ისეთი ცეცხლი დაანთეს, თქვენი მოწონებული. მათ გამოსვლებს შორის კი მრავალრიცხოვან მაყურებელს ბელარუსიდან ჩამოსული ცნობილი ჯგუფი დრამ ექსტაზი ახურებდა.
თბილისელები ექსტრემალური მოტოსპორტის (მოტოსპორტი ხომ ისედაც ექსტრემალურია) ხელოვნებას აზიარეს: 28 წლის ახალზელანდიელმა ნიკ ფრანკლინმა, 29 წლის შვედმა მორგან კარლსონმა (ვისაც თავზეხელაღებული ტრიუკების გამო თავნება კატას ეძახიან) და ყველაზე ტიტულოვანმა, 27 წლის ბელგიელმა სტივენ სტუივენმა, ვინც თავისუფალ მოტოქროსში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.
სანახაობა ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით. ეგაა, ხალხი მხოლოდ ჰაერში მფრენ მოტორიან მხედრებს ხედავდა, თუმცა მთავარი ალბათ ეს იყო, რადგან რა ხდებოდა ხმელეთზე, უფრო სწორედ, სპეციალურ დასაშვებ ”გორაკზე”, ეს უკვე საინტერესო აღარ იყო. ყველაფერს კი ყველაზე უკეთ ის მაყურებელი ხედავდა, რომელიც რისკს არ მოერიდა და ტრიბუნად გარშემო მდგარ შენობათა სახურავები გამოიყენა.
მაყურებელს ცეცხლს შოუს წამყვანი ნიკა გრიგოლიაც უნთებდა, რომელმაც მოტორიანი მხედრებისთვის ყველაზე შესაფერის კომპლიმენტად ”არანორმალური” აირჩია (ვის მოუბრუნდება ენა, ეს კომპლიმენტი დააკნინოს, ისინი ხომ მართლაც არანორმალურად ვირტუოზულები არიან). და თავადაც, იმ დროს, როდესაც შოუს მთავარი გმირები სულის მოსათქმელად ჩერდებოდნენ, ნამდვილი არანორმალურივით ახერხებდა ცოტა ხნით ”მიძინებული” მაყურებლის გამოღვიძებას და ახმაურებას.
მოკლედ, მის მიწურულს წამოსული კოკისპირულის მიუხედავად, შოუ შედგა, ”რედ ბული” კი, რომლისთვისაც ეს მოტორიზებული წარმოდგენა ჩვეულებრივი სარეკლამო და პრომო აქცია იყო, წიწილების თვლას დღეიდან დაიწყებს - ეჭვიც ნურავის შეეპარება, რომ გუშინ საღამოს, თავისუფლებაზე მყოფი მაყურებლის უმეტესობა დღეს სუპერმარკეტებში ”რედ ბულის” ენერგეტიკულ სასმელს მოიკითხავს.
რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ მსგავსი შოუების ხილვის სიამოვნებას ”რედ ბული” მომავალშიც არ მოგვაკლებს. პირადად მე კი ერთ სურვილს (გინდათ, ოცნება დაარქვით) გაგიმხელთ - რა იქნება, თუ იმავე ”რედ ბულის” მოწადინებით, ერთ მშვენიერ შაბათ საღამოსაც, რუსთაველზე ფორმულა 1-ის ავტომობილის ხმასაც გავიგებთ?..
No comments:
Post a Comment