”ბეემვეს” ორივე ახალი ძრავი დაეწვა
BMW Sauber
12 სექტემბერი
კვალიფიკაციის მეორე სესიის დროს, ”ბეემვე ზაუბერის” ორივე მანქანას ძრავი დაუზიანდა. არადა, ნიკ ჰაიდფელდმაც (სურათზე) და რობერტ კუბიცამაც ახალი აგრეგატები სწორედ კვალიფიკაციის წინ მიიღეს. ჯერჯერობით დაუდგენელია ძრავების დაზიანების კონკრეტული მიზეზი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პრობლემა ერთნაირია.
”ტელემეტრია გვიჩვენებს, რომ ორივე ძრავს ერთნაირი პრობლემა ჰქონდა. მათი დაზიანება რესურსის ამოწურვას არ უკავშირდება - ორივე ძრავი სრულიად ახალი იყო. მიზეზებს მხოლოდ მას შემდეგ დავადგენთ, რაც მანქანებიდან მოვხსნით”, - ნარბოლევს განაცხადა ”ბეემვე მოტორსპორტის” დირექტორმა, დოქტორმა მარიო თაისენმა.
გუნდის პოლონელი პილოტი რობერტ კუბიცა ამბობს, რომ პირველ სესიაზე მანქანის დამორჩილება გაუჭირდა, თუმცა მეორეზე პრობლემა მოიხსნა და ფიქრობდა, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლას შეძლებდა, მაგრამ ძრავმა ამის საშუალება აღარ მისცა.
კუბიცა ახლა იმაზე დარდობს, რომ დარჩენილ ოთხ ეტაპზე ძრავის გამოცვლის უფლება აღარ აქვს, რაც კარგი შედეგებისთვის ბრძოლაში ხელს შეუშლის. იგივე სიტუაციაში მისი გერმანელი თანაგუნდელიცაა, ვინც ბელგიურ კვალიფიკაციაზე მესამე ადგილზე გავიდა და მონცაზეც იგივეს იმედი ჰქონდა.
No comments:
Post a Comment