”ფორს ინდია” კერს-ს ალბათ აღარ გამოიყენებს
Force
2 სექტემბერი
ფიზიკელა სპა ფრანკორშანზე კერს-ის გარეშეც ძალიან სწრაფი იყო”ფორს ინდიას” თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ მიმდინარე სეზონში არ გამოიყენებს კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემას (კერს-ს), რომლის მანქანაზე დაყენებასაც ჯერ კიდევ გერმანიის დიდი პრიზის წინ იმედოვნებდა.
ინდურ გუნდს ”მაკლარენ-მერსედესთან” აქვს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ინგლისური საჯინიბოს მიერ შემუშავებული ზოგიერთი ტექნოლოგიის გამოყენების უფლება ეძლევა. ასეთ ტექნოლოგიათა შორის კერს-იცაა, რომლის წყალობითაც, ”მაკლარენმა” უნგრეთის დიდი პრიზის მოგება შეძლო, სულ ახლახანს კი, ანალოგიური სისტემით, ”ფერარიმაც” სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მაგრამ იმავე ბელგიაში, ახალი აეროდინამიკური პაკეტის წყალობით, ”ფორს ინდიას” ჯანკარლო ფიზიკელამ შესანიშნავად იასპარეზა და დაამტკიცა, რომ მის გუნდს გამარჯვებისთვის ბრძოლაც კი შეუძლია. იმავდროულად, როგორც ”ფორს ინდიას” მმართველი აღმასრულებელი საიმონ რობერტსი ამბობს, ”მაკლარენ-მერსედესის” კონსტრუქციის კერს-ის გამოყენება მის გუნდს საკმაოდ ძვირი დაუჯდება, რის გამოც, ამ სისტემის გამოყენებისგან თავს იკავებს.
”ჩვენ კერს-ის გამოყენებას ვგეგმავდით და ამისათვის, მანქანის შესაბამისი მოდიფიკაციაც დავგეგმეთ. ბელგიამდე ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ სისტემას გამოვიყენებდით, მაგრამ ეს სისტემა ჩვენნაირი გუნდისთვის ძალიან ძვირი ღირს, რის გამოც, საკითხს ღიად ვტოვებთ. პლატფორმა, რომელსაც ვალენსიას შემდეგ ვიყენებთ, კერს-ის გამოყენების საშუალებას არ გვაძლევს. ამ პლატფორმამ გაამართლა და ამიტომ, ჯერჯერობით, მის გამოყენებას გავაგრძელებთ. კერს-ისთვის უფრო ხელსაყრელი ის შასია, რომელსაც სილვერსტოუნამდე ვიყენებდით. მაგრამ ახლა ის აქტუალური აღარ არის”, - ამბობს რობერტსი.
რობერტსს სჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამმა რბოლამ კერს-იანი მანქანების კონკურენტუნარიანობა დაამტკიცა (ამ სამიდან ორი სწორედ კერს-იანმა მანქანებმა მოიგეს), ფორმულა ერთის გუნდების ასოციაცია არ გადახედავს ადრე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მერმის ამ სისტემას არ გამოიყენებენ.
ამასთან, რობერტსი ამბობს, რომ კერს-ი ყველა ტრასაზე უპირატესობას არ იძლევა და მოგება ამ სისტემის გარეშეც შეიძლება. ”მისი წყალობით, რაიკონენმა ფიზიკელას გასწრება შესძლო, მაგრამ მისი შორს ჩამოტოვება არ გამოუვიდა. რა თქმა უნდა, კერს-ი უპირატესობას იძლევა. ეს უპირატესობა ზოგ ტრასაზე შესამჩნევია, ზოგზე - ნაკლებად. ის კვალიფიკაციაზეც ძალიან ეფექტურია. თუმცა, ბელგიაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პირველობისთვის ბრძოლა ამ სისტემის გარეშეც შეიძლება”, - დასძენს რობერტსი.
No comments:
Post a Comment