პიკე შარშანდელი სინგაპურული ავარიის შესახებ
Nelson Piquet Jr
10 სექტემბერი
გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), სინგაპურის შარშანდელ დიდ პრიზზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რომლის გამოც, ამ ინციდენტის ხელახლა შესწავლა დაიწყო, ნელსონ პიკე უმცროსისგან მიიღო.
ის საკმაოდ უცნაური ინციდენტი (სურათზე) სწორედ პიკეს შეემთხვა. სამაგიეროდ, ტრასაზე პეისკარის გამოსვლით მისმა თანაგუნდელმა ფერნანდო ალონსომ ისარგებლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
დღეს პიკე, რომელიც ”რენოს” შეფმა და მისმა პირადმა მენეჯერმა ფლავიო ბრიატორემ გუნდიდან შუა სეზონიდან დაითხოვა, ჩვენებას იძლევა და ირწმუნება, რომ მისი ინციდენტი წინასწარი განზრახვით, ზუსტად იმ სცენარის შესაბამისად მოხდა, რომელიც მას რბოლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიატორემ და ”რენოს” ტექნიკურმა დირექტორმა პეტ სიმონდსმა გააცნეს და მისი შესრულება სთხოვეს.
პიკე აცხადებს, რომ ეს შეთავაზება იმ იმედეთ მიიღო, რომ ფრანგული გუნდი კონტრაქტს ერთი სეზონით გაუგრძელებდა. ბრაზილიელი დასძენს, რომ მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, გუნდში მის დატოვებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ის სტარტზე გავიდა და მანქანა ზუსტად იქ და იმ წრეზე დაამტვრია, სადაც მისგან მოითხოვდნენ.
ბრიატორესთან და სიმონდსთან საუბრის შემდეგ, გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ის თავის კაბინეტში შეიყვანა და გეგმა დეტალურად გააცნო. ამ გეგმის მიხედვით, ალონსოს, რომელმაც კვალიფიკაცია ნახევრად ცარიელი ავზის წყალობით მოიგო, პირველ პიტსტოპზე ბოქსში შესვლა მე-13-14 წრეებს შორის უწევდა. ავარია კი ამის შემდეგ, ზუსტად მე-17 მოსახვევში უნდა მომხდარიყო, სადაც, სიმონდსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საევაკუაციო ამწე არ იდგა. ასე რომ გზის გასაწმენდად, რბოლის ტემპის შენელება და ამისათვის, ტრასაზე პეისკარის გამოშვება გახდებოდა საჭირო.
მართლაც, ალონსო ბოქსში ლიდერთაგან პირველი შევიდა და სანამ მას დანარჩენებიც მიბაძავდნენ, პიკეს ავარია ”მოუვიდა”. ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, პიტლაინი კი მცირე ხნით დაიხურა, რის გამოც, სხვებს ბოქსში შესვლა დაუგვიანდათ. ამგვარად, ესპანელმა პილოტმა სოლიდური უპირატესობა მიიღო და ის გამარჯვებით დააგვირგვინა.
პიკე ამბობს, რომ რბოლის შემდეგ, ბრიატორემ სხვებისგან შეფარულად, მას მადლობა გადაუხადა (ბრიატორე ამტკიცებს, რომ ავარიამ ის ძალიან შეაწუხა და ამის ჩანაწერიც მოეპოვება). რბოლის შემდეგ, მას ოჯახის მეგობრისა და კონსულტანტისთვის, ფელიპე ვარგასისთვის მოუყოლია მომხდარის შესახებ, ამან კი ყველაფერი უფროს ნელსონ პიკეს შეატყობინა.
პიკე იმასაც ამბობს, რომ რბოლის შემდეგ, მომხდარის უცნაურობის შესახებ, მას ჟურნალისტებმა რამდენიმე კითხვა დაუსვეს - ისინი ავარიას საეჭვოდ მიიჩნევდნენ. იგივე უთქვამს პიკეს მანქანის ინჟინერსაც. ბრაზილიელის თქმით, მას ფეხი აქსელერატორზე იქაც ეჭირა, სადაც ჩვეულებრივ, მუხრუჭებით გადიოდა, ეს კი ტელემეტრიულ ჩანაწერებზე აუცილებლად გამოჩნდებოდა.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უფროსი პიკე FIA-ს პრეზიდენტ მაქს მოსლის მაშინვე დაუკავშირდა, როგორც კი შეიტყო, რომ ”რენომ” მისი შვილი დაითხოვა. მოსლიმ მაშინვე FIA-ს პარტნიორ საგამოძიებო კომპანია ”ქვესტს” უხმო, რომლის აგენტებმაც, სინგაპურის შარშანდელი რბოლის სამ სტიუარდთან ერთად, სპას მიაშურეს და იქ ”რენოს” ხელმძღვანელები დაკითხეს.
FIA-მ ფრანგული გუნდისგან სინგაპურული რბოლის ტელემეტრიული ჩანაწერებიც მოითხოვა, რომლებზეც მომხდარი აშკარად საეჭვოდ მოჩანს. კერძოდ, მე-17 მოსახვევის გავლისას, ორივე ”რენსო” უკანა ბორბლები გზის საფართან ჩაჭიდებას კარგავდნენ, რის გამოც, ამ მოსახვევიდან გამოსვლისას, პიკეც და ალონსოც გაზიდან ფეხს მყისიერად იღებდნენ. ავარიის წინ კი პიკემ ეს არ გააკეთა. პირიქით, გაზს უფრო მეტად დააჭირა ფეხი...
No comments:
Post a Comment