”ფერარი” არავის აწყენინებს
Gazzetta dello Sport
9 სექტემბერი
”ფერარიში” გადასვლით, ჯანკარლო ფიზიკელამ თავისი კარიერა თითქოს, დასასრულს მიუახლოვა - მარანელოელები მომავალი სეზონისთვის მას არ აიყვანენ და სათადარიგო პილოტობას სთავაზობენ. ესე იგი თუ ამ შეთავაზებას დათანხმდა, ფიზიკოს მომავალ სეზონში უსაქმოდ ყოფნა მოუწევს.
მაგრამ როგორც ირკვევა, ”სკუდერია” მას უფრო მეტ თავისუფლებას სთავაზობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო - გუშინ, ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას, ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ (სურათზე) განაცხადა, რომ მარანელოელები ფიზიკოს სხვა გუნდში ასპარეზობის უფლებასაც მისცემენ.
”ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც, ჯანკარლოს სხვა გუნდში ასპარეზობის უფლება არ უნდა მივცეთ. პირიქით, ასე ის სპორტულ ფორმას შეინარჩუნბს და თუ დაგვჭირდა, უფრო გამოგვადგება, ვიდრე უსაქმოდ მომლოდინე. ამჟამად, მანქანის განვითარებისას ძირითადი პილოტები ირჯებიან, სათადარიგო პილოტებს კი საგზაო ავტომობილების დახვეწის პროცესშიც ვიყენებთ. მოკლედ, უსაქმოდ არც ბადოერს დავტოვებთ და არც მარკ ჟენეს”.
”რა თქმა უნდა, ჩვენ იმითაც დაინტერესებულნი ვართ, რომ შუმახერის საქმეც მოვაგვაროთ. ის და ”ფერარი” განუყოფელნი არიან. ვფიქრობ, მას ჯერაც არ განელებია დაბრუნბის სურვილი. მომავალ სეზონში მესამე მანქანის გამოყვანის დაშვების შანსი თითქმის არ არსებობს. მაგრამ თუ ახალი გუნდებიდან რომელიმე ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მაშინ ამაზე ლაპარაკი კიდევ შეიძლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტარტზე მესამე ”ფერარის” გამოჩენა ფორმულა 1-სადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს. ყოველ შემთხვევაში, FIA-სთან და ბერნი ეკლსტოუნთან ერთად, ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ”, - ამბობს დომენიკალი და იმედოვნებს, რომ როგორც კი ფელიპე მასას ექიმები უფლებას მისცემენ, გუნდები გამონაკლისს დაუშვებენ და ბრაზილიელ პილოტს დამატებითი ტესტების ჩატარების ნებას დართავენ.
No comments:
Post a Comment