რა ბედი ელის ”რენოს”
Renault F1
17 სექტემბერი
”რენოს” ფორმულა 1-ის პროგრამა კრახის პირასაა................................................................................................
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულმა გუნდმა ”რენომ” თავისი ორი ხელმძღვანელი დაითხოვა და გამოაცხადა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოტორ სპორტის საბჭოს გადაწყვეტილებასაც უსიტყვოდ დაემორჩილება, მისი ბედი მაინც გაურკვეველი რჩება.
ჯერ ერთი, ფლავიო ბრიატორესა და პეტ სიმონდსის მაქინციების გამო, გუნდს მსოფლიო ჩემპიონტიდან მოკვეთა ემუქრება. მეორეც, არაა გამორიცხული, რომ ფრანგულმა კომპანიამ თავად მოხსნას ჩემპიონატიდან თავისი გუნდი.
FIA-ს მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდების დისკვალიფიკაციის გამოცდილება აქვს - 1995 წელს, რალის მსოფლიო ჩემპიონატიდან ”ტოიოტას” გუნდი იმის გამო მოიხსნა, რომ ის თავის მანქანებზე აკრძალულ ტურბოკომპრესორს იყენებდა. ორი წლის წინ კი მსგავს სანქციას ”მაკლარენი” გადაურჩა. სამაგიეროდ, ინგლისური საჯინიბო 100 მილიონი დოლარით დაჯარიმდა.
ერთადერთი, რამაც შეიძლება ”რენოს” მდგომარეობა შეამსუბუქოს, ისაა, რომ გუნდმა თავისი ხელმძღვანელები გადააყენა. შეწყალების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გუნდის მიერ ბოდიშის მოხდა გახდეს. ასეა თუ ისე, FIA-ს პრეზიდენტი მაქს მოსლი ამბობს, რომ ”რენოს” შემთხვევა უფრო სერიოზულია, ვიდრე ”მაკლარენისა”, რომელიც ასე სასტიკად საინჟინრო შპიონაჟის გამო დაჯარიმდა. თუმცა, მაშინ ინგლისური გუნდი თავის დაცვას ბოლომდე შეეცადა, რამაც ფედერაციის გადაწყვეტილების სიმძიმე განაპირობა.
მოსლი ამბობს, რომ ”რენოსთვის” სასჯელად დისკვალიფიკაციის გამოტანა გუნდის დაშლის მიზეზი გახდება. ამას კი მასში დასაქმებული 600-700 უდანაშაულო ადამიანისთვის სამუშაოს დაკარგვა მოჰყვება. მისი თქმით, ორი წლის წინ, სწორედ ამ მიზეზის გამო აკმარეს ”მაკლარენს” ფულადი ჯარიმა. თუმცა, მოსლის თქმით, 100-მილიონდოლარიანი ჯარიმა იმ შემთხვევისთვის ძალიან მსუბუქი სასჯელი იყო.
”რენოს” საქმეში დამამძიმებელი გარემოებბიც ფიგურირებს. მათგან ყველაზე მნიშვნლოვანი უსაფრთხოების ზომების უგულვებელყოფაა. გამიზნულად მოხდენილი ავარიით, ნელსონ პიკემ საფრთხის ქვეშ არამხოლოდ თავისი, არამედ მაყურებლების, მარშლებისა და სხვა პილოტების სიცოცხლე დააყენა.
მეორე, არანაკლებ დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ფაქტობრივად, ამ ინციდენტის წყალობით, პიკეს თანამემამულე ფელიპე მასამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაკარგა. შეგახსენებთ, რომ მასამ ბრიტანელ ლუის ჰამილტონთან ტიტულისთვის ბრძოლა ერთადერთი ქულით დათმო. სინგაპურის დიდ პრიზზე, სანამ პიკეს ავარია მოხდებოდა, მასა რბოლის ლიდერი იყო, მაგრამ პიტ სტოპზე ის მანამ დაიძრა, სანამ მანქანას საწვავის გასაწყობ მილს მოაშორებდნენ. ”ფერარიმ” საწვავის ჩასასხმელი მილი თან გაიყოლა, რის გამოც მასას შუა პიტლეინზე გაჩერება მოუხდა. მექანიკოსებმა მილი ძლივს მოაშორეს და როცა ტრასაზე დაბრუნდა, მან პელოტონის კუდში ამოყო თავი. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ ტრასაზე პეისკარის გამოსვლის შემდეგ, პიტლეინი ცოტა ხნით ჩაიკეტა და იქ პილოტები დაგვიანებით შეუშვეს. ბრაზილიელმა პილოტმა ნერვულ სტრესს ვერ გაუძლო და აჩქარდა, რაც მას ლიდრობის დაკარგვად დაუჯდა.
დაბოლოს, ფედერაციაში უკვე ამბობენ, რომ ობიექტურობას იმის მიუხედავადაც შეინარჩუნებენ, თუ ეცოდინებათ, რომ მძიმე სასჯელს ჩემპიონატიდან ”რენოს” გასვლა მოჰყვება.
”თუ ჩვენ მომხდარზე სათანადო რეაგირებას არ მოვახდენთ, მაშინ ყველა იტყვის, რომ ფორმულა 1 სპორტი კი არა, ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელიც მაყურებელს ფარსს სთავაზობს. ხალხი იტყვის, რომ ”რენო” მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ ბრიატორეს და ბერნი ეკლსტოუნს მეგობრობა აკავშირებთ და ისინი ერთი საფეხბურთო კლუბის თანამფლობელები არიან. მსოფლიო ჩვენში კორუმპირებულ საზოგადოებას დაინახავს, რაც ჩვენს სპორტს დაღუპავს. ჩვენ კი ამის დაშვება არ შეგვიძლია”, - ამბობს მოსლი.
No comments:
Post a Comment