”ფერარი” ალონსოსთან კონტრაქტს მალე გააფორმებს
Fernando Alonso
28 სექტემბერი
ბრიტანული ჟურნალი ”ავტოსპორტი” გვატყობინებს, რომ ”ფერარი” თავისი პილოტების ვინაობას ამ უქმეებზე, იაპონიის დიდი პრიზის დღეებში გამოაცხადებს. ამავე ჟურნალის ინფორმაციით, ყველა დაინტერესებულ პირს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა საქმე იურისტებზეა, რომლებიც ბოლო დეტალებს ათანხმებენ.
პირველ რიგში, საუბარია კიმი რაიკონენთან შეთანხმებაზე, რომლის ადგილასაც მარანელოელებს ფერნანდო ალონსო მოჰყავთ. ბოლო პრობლემა, რომელიც ამ გადასვლას ხელს უშლიდა, ფინელი პიკოტისთვის კონტრაქტის დარღვევის სანაცვლო კომპენსაციის გადახდა იყო. მაგრამ როგორც ჩანს, ეს პრობლემაც უკვე მოგვარებულია და საქმე კიმის თანხმობის იურიდიულ გაფორმებაზეღაა.
სინგაპურის რბოლოს შემდეგ, ”ფერარის” ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი შემადგენლობას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
”როგორც კი ამისთვის მზად ვიქნებით, ყველას შეგატყობინებთ. ერთ რამეს კი ახლავე ვიტყვი - დიდხანს ლოდინს აღარ ვაპირებთ”, - განაცხადა დომენიკალიმ და კითხვაზე, ეს იაპონიის დიდი პრიზის დღეებში ხომ არ მოხდება, ასე უპასუხა - გარანტიას ვერ ვიძლევი, მაგრამ ეს შესაძლებელიაო.
მთავარი კი ისაა, რომ ახლა აღარც ”ფერარი” და აღარც ”რენო” არ უარყოფს იმას, რომ ალონსო იტალიურ გუნდში გადასვლას აპირებს. მაგალითად, ”რენოს” მმართველი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჟან-ფრანსუა კობემ განაცხადა - ვფიქრობ, ფერნანდოს ”რენო” მოენატრება, ”რენოს” კი ფერნანდო დააკლდებაო.
მოსალოდნელია, რომ ფრანგულ გუნდში ალონსოს ადგილს პოლონელი რობერტ კუბიცა დაიკავებს. გარდა ამისა, ”სკუდერიაში” ალონსოს გადასვლას სხვა გადასვლებიც მოჰყვება. კერძოდ, რაიკონენს უკვე ელიან ”მაკლარენში”, ნიკო როსბერგი კი ”უილიამსიდან” ”ბრაუნში” გადავა, სადაც რუბენს ბარიკელოს შეცვლის. საწყენია, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფ ბრაზილიელს დიდი არჩევანი აღარ რჩება - მას ან ”ტოიოტაში” გადასვლა მოუწევს, სადაც იარნო ტრულის ადგილს დაიკავებს, ან... არჩევანი დიდია, ოღონდ არა ტოპ გუნდებს შორის.
No comments:
Post a Comment