კუბიცას ”ფერარიში” გადასვლა შეეძლო
Robert Kubica
10 სექტემბერი
”ბეემვე ზაუბერის” პოლონელმა პილოტმა რობერტ კუბიცამ განაცხადა, რომ ”ფერარიმ” უხეიროდ მოასპარეზე ლუკა ბადოერის შეცვლა შესთავაზა, მაგრამ მას უარის თქმა მოუწია, რადგან შუა სეზონში განსხვავებულ მანქანაზე გადაჯდომა გაუმართლებლად მიიჩნია.
”ახლა თეთრებში ვარ გამოწყობილი და ესე იგი, ისევ ”ბეემვე ზაუბერში” ვიმყოფები. ”ფერარისგან” გარკვეული შემოთავაზება მქონდა და იქ გადასვლით მეც ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ არა მგონია, ეს გამართლებული ყოფილიყო, რადგან სეზონის მსვლელობისას, გუნდის შეცვლა არასასურველია. ესეც რომ არა, ჩვენი მანქანაც კონკურენტუნარიანი გახდა და აქ ყოფნითაც ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ”, - მონცაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა კუბიცამ და დასძინა, რომ მისი მენეჯერები ახლა იმით არიან დაკავებულნი, რომ მომავალი სეზონისთვის სამოქმედო გეგმა შეუმუშაონ.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის შემდეგ ”ბეემვე” ფორმულა 1-ს დატოვებს და ამის გამო, გუნდის ორივე პილოტის მომავალი გაურკვეველია. ამასთან, ”ფერარიში” დროებით გადასვლის შემდეგაც, კუბიცას მომავალი სეზონისთვის გუნდის ძებნა მაინც მოუწევდა, რადგან იტალიური საჯინიბო სრულადაა დაკომპლექტებული.
არაა გამორიცხული, რომ პოლონელი და მისი გერმანელი თანაგუნდელი ნიკ ჰაიდფელდი გუნდში დარჩნენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პეტერ ზაუბერი პარტნიორებს იპოვნის და გერმანული კომპანიისგან ერთ დროს მის მიერ ნალოლიავებ გუნდს გამოისყიდის.
No comments:
Post a Comment