”ლოტუსი” შეიძლება ფორმულა 1-ში დაბრუნდეს
Lotus F1 (AUTOSPORT)
3 სექტემბერი
ლოტუსის ამ რენოსძრავიანი ბოლიდით (ლოტუს რენო 97T) აირტონ სენამ კარიერაში პირველი გამარჯვება 1985 წელს, პორტუგალიაში მოიპოვა
.................................................................................
კონსორციუმი, რომელსაც მხარს მალაიზიის მთავრობა უჭერს, ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” დაბრუნებას ცდილობს, რისთვისაც, ჩემპიონატში ”ბეემვე ზაუბერის” ადგილის დაკავებას ეშურება. უფრო მეტიც, პროექტის მალაიზიელი მხარდამჭერები მზად არიან, ბავარიული კომპანიისგან ფ1-ის საჯინიბო გამოისყიდონ. მაგრამ თუ ”ბეემვესთან” შეთანხმება ვერ შედგა, მალაიზიელები სრულიად ახალ გუნდს ჩამოაყალიბებენ, რომლის სახელადაც ”ლოტუსი” შეურჩევიათ.
პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი მალაიზიის სახელმწიფო ნავთობკომპანია ”პეტრონასია”, რომელიც წლების განმავლობაში, ჯერ ”ზაუბერის” სპონსორი იყო, შემდეგ კი ”ბეემვე ზაუბერის” სპონსორი გახდა. პარალელურად, ”ლოტუსი” უკვე ათ წელზე მეტია, რაც მალაიზიურ ავტოკომპანია ”პროტონს” ეკუთვნის, რომელსაც ასევე ქვეყნის მთავრობა აკონტროლებს.
ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” შესაძლო დაბრუნების თემა განსაკუთრებით აქტუალური ამ დღეებში, მას შემდეგ გახდა, რაც ”ლოტუსის” მთავარი აღმასრულებლის პოსტზე, ”ფერარის” ყოფილი ბრენდ მენეჯერი, დენი ბაჰარი დაინიშნა, ვისაც ანალოგიურ თანამდბობაზე ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ”რედ ბულშიც” უმუშავია. თუმცა, ინგლისური ჟურნალი ”ავტოსპორტი” მიიჩნევს, რომ ბაჰარის დანიშვნა მალაიზიელთა მცდელობას უბრალოდ დაემთხვა და მას ”ლოტუსის” ფ1-ში დაბრუნებასთან ჯერ საერთო არაფერი აქვს.
”ლოტუსის” ამბიციები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ინგლისური სარბოლი გუნდი ”ლაიტსპიდი” ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას აპირებდა, სახელად კი სწორედ ”ლოტუსი” ჰქონდა შერჩეული. იმ პროექტში კი ისეთი ავტორიტეტი მონაწილეობდა, როგორიც ”ტოიოტას”, ”რენოს” და ”ჯორდანის” ყოფილი ტექნიკური დირექტორი და ”ფორს ინდიას” ტექნოლოგიების ყოფილი მთავარი მოხელე მაიკ გასკოინია.
მალაიზიის სპორტის მინისტრი დათუკ აჰმად შაბერი ჩიკი ადასტურებს, რომ მისი ქვეყნის მთავრობა ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” დაბრუნებით დაინტერესებულია. მანვე არ უარყო მოარული ხმები, რომელთა მიხედვითაც, სინგაპურის დიდი პრიზის შემდეგ, მალაიზიის პრემიერ მინისტრი დათუკ სერი ნაჯიბ რაზაკი რბოლის შემდეგ, ”ლოტუსის” სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
”ცოტაც მოვიცადოთ და პრემიერ მინისტრი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ვინ იცის, სინგაპურის დიდი პრიზის შემდეგ რა მოხდება”, - ამბობს სპორტის მინისტრი, რითაც ის ”ლოტუსის” თაყვანისმცემლებს დიდ იმედებს აძლევს.
სხვათა შორის, სინგაპურის ეტაპის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იმ 13 გუნდის სიის გამოქვეყნებას აპირებს, რომლებიც მერმის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ორი განცხადება საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. გარდა ამისა, თუ მალაიზიელებს ”ლოტუსის” დაბრუნება მერმისვე სურთ (სხვა ვარიანტი ჯერჯერობით გამორიცხულია), ეს იმას ნიშნავს, რომ აწყობილი საქმე უნდა გააგრძელონ, ასეთი კი, ფორმულა ერთის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა შორის, მხოლოდ ”ბეემვე ზაუბერს” აქვს, რომელსაც ჰინვილში (შვეიცარია) ულტრათანამედროვე ბაზა ეკუთვნის...
No comments:
Post a Comment