”ბრაუნი” სტრატეგიის იმედზეა
Brawn GP
12 სექტემბერი
რუბენს ბარიკელო ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს კვალიფიკაციაზე პოულისთვის ბრძოლა შეეძლოთ, მაგრამ სტარტზე მოწინავე პოზიციის დაკარგვის რეალური შანსი არსებობდა, რის გამოც, მათ აქცენტი მომგებიან ტაქტიკურ სქემაზე გააკეთეს, ავზებში მეტი საწვავი ჩაისხეს და... მაინც დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღეს.
”რუბენსმაც, ჯენსონმაც და მთელმა გუნდმაც შესანიშნავად იმუშავეს და კარგი პოზიციები დაიკავეს. თუ ჩვენს სტრატეგიას გავითვალისწინებთ, რომელიც ერთ პიტ სტოპს ითვალისწინებს, შედეგით კმაყოფილები ვართ - მეხუთე და მეექვსე ადგილები იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ორივე პილოტს თითქმის ერთნაირი შედეგი ჰქონდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანქანის პოტენციალი სრულად გამოვიყენეთ. ჩვენს წინ კერს-იანი მანქანები იდგებიან. და თუ ხვალ კარგ სტარტს ავიღებთ, კარგი შედეგებისთვის ბრძოლასაც შევძლებთ”, - ამბობს გუნდს იშეფი როს ბრაუნი.
კვალიფიკაციაზე თავისი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი დარჩა ბარიკელო. კმაყოფილი კი არა, მონცას კვალიფიკაციაზე ასე კარგად ადრე არასდროს გამოვსულვარო. ”ჩვენ პოულისთვის ბრძოლა შეგვეძლო, მაგრამ პოზიციის შენარჩუნება კერს-ისიან მანქანებთან თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, მეტი საწვავი ჩავისხით და აქცენტი ტაქტიკურ ბრძოლაზე გადავიტანეთ. შესანიშნავი წრე გამომივიდა. მეხუთე ადგილი იმაზე უკეთესია, ვიდრე ვიმედოვნებდი. ძალიან მაინტერესებს, ვის რამდენი უსხია. ვფიქრობ, ჩვენ კარგ პოზიციაზე ვართ. ძალიან მომწონს მონცაზე რბოლა და სტარტს მოუთმენლად ველი”.
თავისი შედეგით ბატონიც (სურათზე, ასპარეზობისას) კმაყოფილია: ”მეექვსე პოზიცია კარგია. მთელი უქმეების განმავლობაში, მე და რუბენსს ერთნაირი დრო გვაქვს. კვალიფიკაციაზე მან 0.15 წამით მაჯობა. ალბათ, სწორ მონაკვეთებზე, ის კოკპიტში ჩემზე უკეთ იმალებოდა. მანქანისგან ყველაფერი გამოვწურეთ. სავსე ავზებით მანქანა შესანიშნავად მუშაობს. კვალიფიკაციაზე ჩვენ მარტო კონკრეტული შედეგისთვის არ ვიბრძოდით. ჩვენ რბოლისთვის სპეციალური გეგმა შევიმუშავეთ და მისი შესრულება კვალიფიკაციაზე დავიწყეთ. ვფიქრობთ, რბოლაშიც კარგად გამოსვლა ხელგვეწიფება”.
No comments:
Post a Comment