”უილიამსი” და ”ფორს ინდია” FOTA-ს დაუბრუნდნენ
Williams and Force India rejoin FOTA
9 სექტემბერი
ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციის (FOTA) გუშინდელ სხდომაზე, რომელიც მონცას ავტოდრომის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, ”უილიამსსა” და ”ფორს ინდიას” ასოციაციის წევრობა აღუდგინეს.
ამ ორ გუნდს FOTA-ს წევრობა დროებით მას შემდეგ შეუჩერდა, რაც სხვა გუნდებისგან განსხვავებით, მათ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში (FIA) მომავალი სეზონის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი წარადგინეს და ამით, FIA-ს მიერ შეთავაზებულ კაბალურ პირობებს დასთანხმდნენ. ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც ერთმანეთთან მოქიშპე FOTA-სა და FIA-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ეს ის მომენტი იყო, როდესაც თითქმის გადაწყდა, რომ გუნდები ფ1-ის ალტერნატიულ ჩემპიონატს ჩამოაყალიბებდნენ.
გარდა იმისა, რომ ჩემპინატის მონაწილე ორ გუნდს ასოციაციის წევრობა აღუდგა, FOTA-მ თავის რიგებში გასაწევრიანებლად ის სამი ახალი გუნდიიც (US F1, კამპოსი და მეინორი) მიიწვია, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაერთვებიან.
წევრების საკითხის გარდა, სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ ბერნი ეკლსტოუნთან დაიწყოს მოლაპარაკება ფორმულა ერთის 2012 წლის შემდგომი განვითარების თემაზე. თანხმობის ახალ ხელშეკრულებას, რომელსაც გუნდებმა და FIA-მ ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს, ვადა სწორედ 2012 წელს გასდის და გუნდებს სურთ, რომ ახალი ხელშეკრულებისთვის მზადება ახლავე დაიწყოს. მათ მიზანს ასევე რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესება წარმოადგენს.
No comments:
Post a Comment