”ლოლამ” ფორმულა 1-ში დებიუტი გადადო
Lola B10/30
9 სექტემბერი
სარბოლი ტექნიკის მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”ლოლას”, ფორმულა ერთის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება სურდა და საერთაშორისო საავტომობილო ფედედრაციაში (FIA) შესაბამისი განაცხადიც შეიტანა, მაგრამ FIA-მ სამი სხვა ახალი გუნდი შეარჩია...
არადა, ”ლოლას” სარბოლ ავტომობილზე (B10/30) მუშაობა კარგა ხნის დაწყებული ჰქონდა. კომპანიამ უკვე მოასწრო ”ლოლა B10/30-ის” მასშტაბური (1:2-თან) მოდელის შექმნა, რომელმაც რამდენიმე დღე აეროდინამიკურ მილშიც კი გაატარა, სადაც მისი აეროდინამიკური საბაზო პარამეტრები შემოწმდა.
მაგრამ ფედერაციისგან უარის მიღების შემდეგ, ავტომობილზე მუშაობა შეჩერდა. სამაგიეროდ, კომპანიამ თავისი ნამუშევარი სილვერსტოუნის ავტოდრომზე გამოფინა. როგორც ამბობენ, ავტომობილი სრულად აკმაყოფილებს ფ1-ის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუმცა მისი აეროდინამიკა საერთოდ არაა დამუშავებული. ეს გასაკვირიც არაა - ამ საქმეს კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკიდებდა ხელს, თუ FIA მწვანე შუქს აუნთებდა. შესაბამისად, სილვერსტოუნზე გამოფენილი მასშტაბური მოდელი მარტივი და აბსოლუტურად დაუხვეწავი აეროდინამიკური ელემენტებით გამოირჩევა.
მაგრამ ”ლოლა” ხელების ჩამოშვებას არ აპირებს. ინგლისური კომპანია, რომელიც არაერთი სარბოლი სერიისთვის ამზადებს სარბოლ ბოლიდებს, იმედოვნებს, რომ მის გუნდს 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც დაუშვებენ. ამიტომ, მზადების შეწყვეტას სულაც არ აპირებს. უფრო მეტიც, მერმის B10/30-ის საგზაო ვერსიას ტრასაზე გამოიყვანს და მის ტესტირებას შეუდგება.
No comments:
Post a Comment