ფიზიკელა არ დარდობს
Giancarlo Fisichella
12 სექტემბერი
იმ დროს, როდესაც მისი ყოფილი თანაგუნდელი ადრიან სუტილი იტალიის დიდ პრიზზე სტარტს პირველი რიგიდან აიღებს, მისთვის საოცნებო ”ფერარიში” გადასული ჯანკარლო ფიზიკელა რბოლას მე-14 პოზიციიდან დაიწყებს. არადა, ”ფორს ინდიაში” რომ დარჩენილიყო, ზედიზედ მეორე პოულ პოზიციის რეალური შანსი ექნებოდა. მაგრამ ფიზიკო ამაზე სულაც არ ნაღვლობს:
”მიხარია, რომ ისინი კვლავაც კარგ ფორმაში არიან. მიხარია იმიტომ, რომ იქ უზარმაზარი სამუშაო გავწიე და ეს შედეგები ჩემი დამსახურებაცაა. წინა რბოლა პოულიდან დავიწყე და ფინიშთან მეორე მივედი. ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ ”ფერარის” პილოტობა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებაა. მათ მომედვნო ხუთივე რბოლა რომც მოიგონ, ჩემს გადაწყვეტილებას მაინც გამართლებულად ჩავთვლი. მინდა, ”ფერარიში” ამ სეზონის ბოლომდე დავრჩე და არ ვნანობ, რომ აქ გადმოვედი. მონცას მთელ გაყოლებაზე ”ფერარის” დროშებს ვხედავ და მიხარია, რომ როგორც იქნა, წითელი ფორმა მაცვია. ამ დილით ძალიან ვნერვულობდი, მაგრამ მანქანაში ჩავჯექი თუ არა, ნერვულობამ მაშინვე გადამიარა. აქ ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე მონცაზე ვარ, ”ფერარის” წევრი ვარ და ამით ბედნიერი ვარ”, - ამბობს ფიზიკელა.
იტალიელ პილოტს დილის ვარჯიშის დროს ავარია მოუვიდა და მანქანა დაამტვრია (სურათზე). მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ ამ ინციდენტმა მის საკვალიფიკაციო შედეგზე იმოქმედა.
”ამ ავარიამ ყველაფერი ამირია. ამდენი ხანია, ფორმულა 1-ში ვარ და ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი პრაქტიკების მესამე ნაწილი. მითუმეტეს, მანქანასთან შესაგუებლად, რაც მეტს გავივლიდი, მით უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ეს ვერ შევძელი და კვალიფიკაციაზეც თავს შეზღუდულად ვგრძნობდი. ასე რომ ყველაფრის გათვალისწინბით, მე-14 ადგილი არც ისე ცუდ შედგია. რბოლაზე წინსვლის შანსი მაქვს. იქნებ უკეთესი იყოს, რომ გაწვიმდეს, მაგრამ მე არ ვიცი, სველ ტრასას მანქანა როგორ ეგუება. ასე რომ, წვიმაში უფრო გამიჭირდება და ეს სახიფათოც იქნება. ასე რომ, ისევ მშრალ ტრასაზე გამოსვლა მირჩევნია”, - ამბობს ფიზიკო.
No comments:
Post a Comment