ალონსოს ”ფერარიში” გადასვლა რამდენიმე თვის წინ გადაწყდა
Fernando Alonso
30 სექტემბერი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო აცხადებს, რომ ”ფერარიში” მისი გადასვლა რამდენიმე თვის წინ გადაწყდა, თუმცა მაშინ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ესპანელი პილოტი იტალიური გუნდის კომბინეზონს მერმის კი არა, 2011 წელს მოირგებდა.
”ზაფხულში ჩვენ მზად გვქონდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ”ფერარიში” 2011 წელს უნდა გადავსულიყავი, მაგრამ ბოლო დღეებში სიტუაცია უცებ შეიცვალა და ახლა მარანელოში ერთი წლით ადრე გადავბარგდები. ძალიან მიხარია, რომ უკვე ”ფერარის” მრბოლი ვარ. ყალყზე შემდგარი კვიცების მართვა ყველა პილოტის ოცნებაა და მე გამიმართლა, რომ ამ გუნდში გადასვლის პატივი მერგო. დიდ მადლობას ვუხდი ლუკა დი მონტეძემოლოს, რომლის გარჯის შედეგიც ეს კონტრაქტია”, - ამბობს ალონსო, ვინც ”სკუდერიაში” ფინელი კიმი რაიკონენის ადგილზე მივა.
გარიფების ფინანსური დეტალები არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ”ფერარიმ” თავის ვებგვერდზე დაწერა, რომ ესპანელი პილოტის ხელფასი მოსალოდნელზე მცირე იქნება, რისი მიზეზიც გლობალური ეკონომიკური კრიზისია.
”ზოგიერთ გაზეთს რომ წაიკითხავთ, იფიქრებთ, რომ მარანელოში ოქროს წვიმა მოდის, რაც ასე არაა. ზოგიერთს ისეთი რიცხვები მოჰყავს, რეალობასთან საერთო რომ არაფერი აქვს. რიცხვების წერა ადვილია, თუ დაივიწყებთ, რომ დღეს მსოფლიო ძლიერაა შეცვლილი”, - ნათქვამია ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
მიმდინარე სეზონის დარჩენილ სამ რბოლას ალონსო ისევ ”რენოში” გაატარებს და ფრანგულ გუნდს პირობას აძლევს, რომ მაქსიმალურად გაირჯება და გუნდს, რომელთან ერთადაც მსოფლიო ჩემპიონის ორი ტიტული აქვს მოპოვებული, ამით მადლობას გადაუხდის.
რაც შეეხება მის ახალ გუნდს, ალონსო ამბობს, რომ თავის სპორტულ კარიერას ”ფერარიში” დაასრულებს: ”ვიმედოვნებ, სპორტში მანამ დავრჩები, სანამ რბოლები სიამოვნებას მანიჭებს. კარიერის დასრულება კი ”ფერარიში” მსურს და იმედი მაქვს, რომ სანამ წავალ, არაერთ გამარჯვებას მოვიპოვებ. დღეს მართლა იმ განწყობაზე ვარ, რომ ”ფერარი” ჩემი ბოლო გუნდია. ”ფერარი” უფრო მეტია, ვიდრე გუნდი. და თუ მას ტოვებ, ესე იგი, ნაბიჯს უკან დგამ, მე კი ეს არ მინდა. მინდა, ამ გუნდთან ერთად შუმახერის მიღწევები გავიმეორო და რამდენიმე ტიტული მოვიპოვო. ვფიქრობ, წინ ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი მელის”.
gaixaret ra ro es saiti gaketda, F1_is fani var, samwuxarod saqartveloshi arc ise bevri uyurebs samepo rbolas... zaan sainteres oinfoebs debt. visac ezareba oficialur saitebze infoebis kitxva, sheuzlia aq naxos pirdapir, imedia F1_is maurebelta ricxv gaizrdeba
ReplyDeletePS: dzirs fexburti :D