”სანტანდერმა” ”მაკლარენთან” კონტრაქტი გააგრძელა
Santander renew McLaren sponsorship (Reuters)
14 სექტემბერი
ესპანურმა საბანკო გიგანტმა ”სანტანდერმა” სასპონსორო კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელა ფორმულა ერთის ინგლისურ გუნდ ”მაკლარენს”. ამგვარად, მომავალ სეზონში ის ერთდროულად ორი მეტოქე გუნდის სპონსორი იქნება.
იტალიის დიდი პრიზის დღეებში, ”სანტანდერმა” ხუთწლიანი კონტრაქტი ”ფერარისთან” გააფორმა. პარალელურად, ბანკი სამი ევროპული ეტაპის - იტალიის, ბრიტანეთისა და გერმანიის დიდი პრიზების ტიტულოვანი სპონსორიცაა.
”სანტანდერი” ”მაკლარენის” სპონსორი 2007 წლის სეზონის დასაწყისში გახდა და ინგლისურ გუნდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ესპანელი ფერნანდო ალონსოს მისვლას შეუწყო ხელი. ბევრი ფიქრობდა, რომ ”მაკლარენიდან” ალონსოს წასვლის შემდეგ, რონ დენისის გუნდი ”სანტანდერის” სახით, ძლიერ სპონსორს დაკარგავდა, მაგრამ ასე არ მოხდა, რასაც სრულიად პრაგმატული მიზეზი აქვს. საქმე ისაა, რომ რაც ”სანტანდერი” ”მაკლარენის” სპონსორი გახდა, ბრიტანეთში ესპანური ბანკის ცნობადობა 20-დან 82 პროცენტამდე გაიზარდა.
”მოხარულნი ვართ, რომ ”სანტანდერთან” ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს ერთ-ერთი უდიდესი ბანკია არამარტო ევროპაში, არამედ სამხრეთ და ჩრდლოეთ ამერიკაშიც”, - ამბობს ”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში.
მხარეებს არ გამოუქვეყნებიათ ახალი კონტრაქტის პირობები და ფინანსური მხარე. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ”სანტანდერის” ლოგო და წარწერა ისევ პილოტების კომბინეზონების წინა მხარეს მოთავსდება.
No comments:
Post a Comment