”სანტანდერი” რაიკონენს 25 მილიონად გამოისყიდის?
Kimi Raikkonen
26 სექტემბერი
რაიკონენის გაშვებაში ”სანტანდერი” 25 მილიონ ევროს იხდის
.....................................................................................................
ესპანური საბანკო გაერთიანება ”სანტანდერი” მზადაა, კიმი რაიკონენს 25 მილიონი ევრო გადაუხადოს იმ შემთხვევაში, თუ ფინელი პილოტი ”ფერარისთან” კონტრაქტის ერთი წლით ადრე გაწყვეტას დათანხმდება.
დიდი ხანია, არავინ მალავს, რომ მარანელოელებს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის ადგილზე ესპანელი ფერნანდო ალონსოს მოყვანა სურთ, მაგრამ იმისათვის, რომ ეს გააკეთონ, ჯერ მისთვის ადგილი უნდა გამოათავისუფლონ. ”სკუდერია” ფელიპე მასას გაშვებას არ აპირებს. თუმცა, მისი გაშვებაც რომ მოენდომებინა, კონტრაქტის გაწყვეტისთვის სოლიდური თანხის გადახდა მაინც მოუწევდა.
მაგრამ როგორც ირკვევა, რაიკონენი სრულად მოითხოვს იმ თანხას, რომელიც კონტრაქტის შესაბამისად, მომავალ სეზონში ხელფასის სახით უნდა მიეღო. მოკლედ, სანამ კიმი ჯიუტობს, ”ფერარისა” და ალონსოს ”ქორწინება” არ გამოდის. არადა, სხვა გუნდები და პილოტებიც კი აღიარებენ, რომ ისინიც ამ გადასვლის მოლოდინში არიან და როგორც კი ალონსო წითელ კომბინეზონს მოირგებს, სხვა გადასვლებიც მალევე განხორციელდება.
მოკლედ, რაიკონენი ერთგვარი გორდიას კვანძი გახდა და როგორც ჩანს, კეისრის როლის თამაში ”სანტანდერს” აქვს გადაწყვეტილი. ოღონდ, ხმლის როლს ამ შემთხვევაში საბანკო ანგარიში შეასრულებს.
რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს ”მაკლარენის” შეფ მარტინ უიტმარშს, რომელმაც ”სპორტ ბილდთან” საუბარში განაცხადა - შესაძლოა, კიმი ყველაზე ნიჭიერია ახლანდელ პილოტებს შორისო.
”მერსედეს მოტორშპორტის” ვიცე პრეზიდენტი ნორბერტ ჰაუგი უიტმარშს კვერს უკრავს - ჩვენ რომ კიმისთვის 2005-ში საიმედო ძრავები მიგვეწოდებინა, ის ჩემპიონი ალბათ იმ სეზონშივე გახდებოდაო.
და აი, სინგაპურში ფინელმა პილოტმა განაცხადა, რომ მის კარიერაში ცვლილებაა მოსალოდნელი - კონტრაქტით, ”ფერარიში” მერმისაც უნდა ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, გუნდს ამ თემის განხილვის სურვილი აქვსო.
უფრო ადრე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ”ფერარის” პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გუნდი პილოტების ვინაობას უახლოეს მომავალში დაასახელებს. ერთი შეხედვით, ამის საჭიროება არ არსებობს - რაიკონენსაც და ფელიპე მასასაც კონტრაქტები ჯიბეში აქვთ. და რამდენადაც მარანელოელები პილოტების დასახელებაზე ლაპარაკობენ, ესე იგი, ცვლილება მზადდება.
ამ თემაზე კითხვა ალონსოს ესპანურმა გაზეთმა ”ელ მუნდომ” დაუსვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: ”მონტეძემოლომ თქვა, რომ ეს მალე მოხდება, მაგრამ მე არ ვიცი, ეზ ზუსტად როდის მოხდება. პირადად მე, გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად მიღებული მაქვს, მაგრამ ერთი კი არა, რამდენიმე ვარიანტი მაქვს”.
ეს ალბათ იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ალონსო ”რენოს” დატოვებს...
No comments:
Post a Comment