FIA-მ 19-რბოლიანი კალენდარი გამოაქვეყნა
FIA announces 19-race 2010 calendar
21 სექტემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაქვეყნა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი სეზონის კალენდარი, რომელშიც 19 ეტაპია შეტანილი და რომელშიც კანადის და სამხრეთ კორეის დიდი პრიზებისთვისაც გამოინახა ადგილი.
ფორმულა ერთის ერთ სეზონში 19 ეტაპი ერთადერთხელ, 2005 წელს შედიოდა, მაგრამ შემდეგ, გუნდების მოთხოვნით, ეტაპების რაოდენობა შემცირდა. მერმის კი ბერნი ეკლსტოუნი თავის ოცნებას აისრულებს და ჩემპიონატს ისევ 19 ეტაპად ჩაატარებს.
ჩემპიონატს ბაჰრეინული რბოლა გახსნის, რომელმაც გახსნითი ეტაპის წოდება ავსტრალიას ჩამოართვა. 1996 წლის შემდეგ, ოზთა მხარე ჩემპიონატის გახსნით რბოლას, 2006 წლის გარდა, უცვლელად ლიდერობდა. ის ერთადერთი გამონაკლისი კი იმის ბრალი იყო, რომ იმ სეზონში, მელბურნმა ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშებს უმასპინძლა. ავსტრალიას ორკვირიანი ინტერვალით მალაიზიური ეტაპი მოჰყვება.
კანადური ატეპი, რომელიც წლევანდელ კალენდარში ვერ მოხვდა, იქ ისევ ბრუნდება. გარდა ამისა, ჩემპიონატს მერმის კიდევ ერთი ეტაპი - სამხრეთ კორეული დაემატება. მონრეალური რბოლისთვის 13 ივნისია გამოყოფილი, კორეული კი დიდი პრიზების ქარავანს 17 ოქტომბერს უმასპინძლებს. ჩემპიონატს ბრაზილიური რბოლით, 14 ნოემბერს დასრულდება.
მაგრამ ეს კალენდარი ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს. საქმე ისაა, რომ მონრეალის რბოლის ორგანიზატორებს ეკლსტოუნთან მოლაპარაკება ჯერ არ დაუსრულებიათ. თუ კანადელები რბოლას ვერ შეინარჩუნებენ, მაშინ თურქული ეტაპი ერთი კვირით გადაიწევს და 6 ივნისს ჩატარდება.
ასევე დადგინდა, რომ ავსტრალიასა და აბუ დაბიში რბოლები სტარტს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე აიღებს, მალაიზიური რბოლა 16:00 საათზე დაიწყება, სინგაპურის ღამის რბოლა კი - 20:00 საათზე. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ რომელი ტრასა მიიღებს ბრიტანულ ეტაპს. ეკლსტოუნი ამბობს, რომ თუ დონინგტონ პარკი მომზადებას ვერ მოასწრებს, რბოლა ისევ სილვერსტოუნზე ჩატარდება.
კალენდარში კვლავ არ შეიტანეს საფრანგეთის დიდი პრიზი, რომლის ორგანიზატორებსაც ფინანსურ კრიზისისთვის თავი ვერაფრით დაუღწევიათ. დაბოლოს, ისევე როგორც მიმდინარე სეზონში, მერმისაც ჩემპიონატის მონაწილეებს სულის მოსათქმელად, აგვისტოში ოთხკვირიანი პაუზა ექნებათ.
ფ1-ის 2010 წლის კალენდარი
14 მარტი - ბაჰრეინი
28 მარტი - ავსტრალია
4 აპრილი - მალაიზია
18 აპრილი - ჩინეთი
9 მაისი - ესპანეთი
23 მაისი - მონაკო
30 მაისი - თურქეთი
13 ივნისი - კანადა
27 ივნისი - ევროპა (ვალენსია)
11 ივლისი - ბრიტანეთი
25 ივლისი - გერმანია
1 აგვისტო - უნგრეთი
29 აგვისტო - ბელგია
12 სექტემბერი - იტალია
26 სექტემბერი - სინგაპური
3 ოქტომბერი - იაპონია
17 ოქტომბერი - სამხრეთ კორეა
31 ოქტომბერი - აბუ დაბი
14 ნოემბერი - ბრაზილია
No comments:
Post a Comment