ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, September 20, 2009

რედ ბულის” საჰაერო აბსოლუტური სიგიჟე

20 სექტემბერი

ბადრი კეთილაძის ფოტოები (გაზეთი მსოფლიო სპორტი)

........................................................................................

როდესაც გავიგე, თავისუფალი მოტოქროსმენები თბილისში გამოვიდოდნენ, ვიფიქრე, შოუ ან იპოდრომზე ჩატარდება, ან რომელიმე სტადიონზე-მეთქი. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, ამ თავზეხელაღებული სპორტის სახეობის თავზეხელაღებულ სპორტსმენების შოუსთვის, ორგანიზატორ ”რედ ბულს” თავისუფლების მოედანი შეურჩევია.

გავოცდი, როგორ დაითანხმეს მერია, იქ ხომ დიდი რაოდენობით მიწა იქნება დასაყრელი და შოუს მერე ამ მიწას გამოტანაც ხომ უნდა. საერთოდ, მსგავსი შოუები და მითუმეტეს, სპორტული შეჯიბრები გრუნტიან მოედნებზე ტარდება, რათა მოტორიან მხედართა ტრავმიანოზობა მინიმალური იყოს. მაგრამ ეს ნაგიჟრები თურმე არც ქვაფენილის ხისტ ზედაპირს უფრთხიან. ამაში ჩვენ შაბათს დავრწმუნდით.

თავიდან ნიკ ფრანკლინი (ახალი ზელანდა), მორგან კარლსონი (შვედთი) და სტივენ სტუივენი (ბელგია) ტრიუკების სირთულეს მოერიდნენ - ყველა საქმეს შესავალი აქვს და მათ შედარებით მარტივი ხტომებით დაიწყეს გახურება. პარალელურად, ალბათ ჰაერში ფრიალისას არემარეს და სეირის საყურებლად მისულ უამრავ მაყურებელს ათვალიერებდნენ.

მეორე გამოსვლაზე ილეთები გართულდა, მესამეზე კი ბიჭებმა ის გვიჩვენეს, რისთვისაც ფრისტაილ მოტოქროსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ მაყურებელს იზიდავს.

ბარემ ზოგიერთი მათგანიც აღვწეროთ:

სალტო უკან (ბექ ფლიპ)

ეს ერთ-ერთი ურთულესი ილეთია, რომელიც მოტომხედრისგან საკუთარი სხეულის და მოტოციკლის ფლობის ტექნიკას მოითხოვს. მისი შესრულებისას, მხედარი ჰორიზონტალური ღერძის გარშემო, უკანა მიმართულებით სრულ ბრუნს ასრულებს. ასეთი ილეთი შაბათს შოუზე მისულმა მაყურებელმა სამჯერ იხილა.

ზოზინი

ალბათ ცოდვაა, რომ ფრისტაილ ქროსში რომელიმე ილეთს ზოზინი უწოდო, მაგრამ ეს ხომ არაორდინარული სპორტია. ჰოდა, აქ ყველანაირ სახელს შეხვდებით. ზოზინი კი იმას ნიშნავს, რომ მხედარს ფეხები თავისი ორბორბლიანი ბედაურის საჭის ქვეშ აქვს ამოდებული, თვითონ კი მანქანის კორპუსზე გადაწვება და ისეთ პოზაშია, იფიქრებ, ტახტზე ნებივრობსო. მაგარი ნებივრობაა ჰაერში...

მცოცავი

ეს ერთ-ერთი ურთულესი ილეთია და შაბათს მხოლოდ ერთხელ შესრულდა. წარმოიდგინეზეთ, მოტოციკლი ჰაერში აიჭრა, მისი მხედარი კი უცებ მასზე შეხტება და ისე, რომ ფეხის წვერებითღა ეხება, მდგომარე პოზიციას იკავებს, ხელები კი მამაქსიმალურად აქვს ჰაერში გამართული. როგორღა უბრუნდება უნაგირს, ეს თავად შემსრულებელს უნდა კითხოთ - ის ხომ ფიზიკის კანონებს არღვევს...

ცუნამი

ჰაერში აჭრის შემდეგ, მხედარს მოტოციკლი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაჰყავს და ისე, რომ საჭეს ხელს არ უშვებს, ყირის მსგავს ილეთს ასრულებს. დაშვებამდე როგორ ასწრებს უნაგირზე დაბრუნებას, ესეც მასვე უნდა ჰკითხოთ...

სუპერმენი

ჰაერში აჭრილი მხედარი თავისუფლად მიუშვებს თავის მოტობედაურს, მაგრამ სანამ ის ბოლომდე გაექცეოდეს, მის ტაიჭს ავლებს ხელს და მფრინვი სუპერმენის პოზას იჭერს. ილეთის დაფიქსირების შემდეგ კი, ერთი მოხერხებული ბიძგით მოახტება უნგირს და მიწაზე ეშვება.

ილეთი სხვაც ბევრია, მაგრამ ყველას ერთ შოუზე ვერ გაჩვენებენ. ისე, ასეთ ილეთებს შორის ურთულესი ორმაგი უკანა სალტოა, რომელსაც მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთი ადამიანი - ამერიკელი ტრევის პასტრანა ასრულებს.

სანამ ექსტაზში შესულ მის წამყვან ნიკა გრიგოლიას კოკისპირული წვიმა დააცხრობდა და ჰაეროვან სიგიჟეს დაასრულებინებდა, ერთ-ერთი მონაწილე დაეცა. მან სიმაღლე ვერ აიღო და როგორც კი მიხვდა, დაშვების ადგილს ვერ მიაღწევდა, მაშინვე თავის ბედაურს ხელი გაუშვა. ეს მოტომრბოლთა თვითგადარჩენის წესია. ჰოდა, ორივენი ცალ-ცალკე დაეშვნენ ხელოვნურ გორაკზე. საბედნიეროდ, მხედარი არ დაშავებულა.

სულ ეს იყო. იმედია, ასეთ სანახაობას ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია მერმისაც შემოგვთავაზებს. ისე, გუშინაც ვიოცნებე და დღეს კი ”რედ ბულს” კიდევ ერთხელ, მრავალრიცხოვან თბილისელებთან ერთად ვთხოვთ - იქნებ, ფორმულა 1-ის მანქანის ხმაც გაგვაგონოთ...

No comments:

Post a Comment