”ბეემვე ზაუბერი” მოდერნიზებული მანქანით
BMW Sauber
27 სექტემბერი
”ბეემვე” ფორმულა ერთს ტოვებს, მაგრამ ამის მიუხედავად, სეზონის ბოლომდე ისე იბრძვის, გეგონებათ მომავალი გარანტირებული აქვსო. ამის დასტური კი ისაა, რომ სინგაპურში გუნდმა მნიშვნლოვნად მოდიფიცირებული მანქანა გამოიყვანა. დაიხვეწა არამხოლოდ მანქანის აეროდინამიკა, არამედ სერიოზულად გადახალისდა მთელი შასი.
”შემიძლია ვთქვა, რომ კოკპიტისა და საჭის გარდა, ყველაფერი ახალი გვაქვს. ჩატარებული სამუშაო კი წრეზე დაახლოებით 0.1 წამს მოგვცემს”, - ამბობს გუნდის საინჟინრო განყოფილების შეფი (მთავარი ინჟინერი) ვილი რამპფი.
რამპფისვე თქმით, ყველა სიახლე, რომლებსაც გუნდი სინგაპურში გამოიყენებს, მომავალი სეზონის მანქანაზეც დაინერგება. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სეზონის მიწურულს გუნდმა შასის მოდერნიზება გადაწყვიტა.
მოდერნიზებული F1.09-ს წინა ფრთა ძლიერ დაემგვანა ”ბრაუნის” მანქანის შესაბამის ელემენტს. მაგალითად, ზომებში შემცირებულია ფრთების ტორსული ფირფიტები, ავტომობილის კორპუსზე კი რამდენიმე დამატებითი აეროდინამიკური ელემენტი გამოჩნდა, რომლების უკანა ხედვის სარკეების არეალში გამოჩნდა, სადაც მსგავსი ელემენტების გამოყენება აკრძალული არაა. სარკეები რადიატორების კორპუსებზეა გადატანილი.
უფრო სერიოზული ცვლილება კი მანქანამ უკანა ნაწილში განიცადა. აქ შეცვლილია მისი აგრეგატების შეთანწყობა. დადაბლდა ძარის ის ნაწილი, რომელიც ძრავს ფარავს. რაც მთავარია, წინ წაიწია დიფუზორის წინა ნაწილმა, რაც მის ეფექტურობას გაზრდის. მარიო თაისენის თქმით, გაბარიტებში შემცირდა გადაცემათა კოლოფი, რომელიც მანქანის კორპუსის ქვეშ ნაკლებ ადგილს იკავებს. შედარებით დაბლა განლაგდა ამორტიზატორებიც. თუმცა, უკანა საკიდარის გეომეტრია უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა დაბლა დაიწია, რაც მის მანევრულობას გამოადგება.
ჟურნალ ”ავტოსპორტის” შეფასებით, სიახლეთაგან ”ბეემვეს” ყველაზე ძვირი გადაცემათა კოლოფის მოდერნიზაცია დაუჯდებოდა. არადა, თუ გუნდი ჩემპიონატში დარჩა, ეს კოლოფი მაინც აღარ გამოადგება, რადგან მერმისიდან ის ”ფერარის” აგრეგატებზე გადავა.
No comments:
Post a Comment