ბრიატორე რევანშს აპირებს
Flavio Briatore
23 სექტემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ სამუდამო დისკვალიფიკაციით დასჯილი ფლავიო ბრიატორე დანებებას არ აპირებს და ამბობს თავისი რეპუტაციის აღდგენას და ღირსების დაცვას ეცდება. ბრიტანულ გამოცემა ”მირორის” ცნობით, იტალიელი 59 წლის მენეჯერი FIA-ს მიმართ, სასამართლოში შემხვედრი სარჩელის შეტანას აპირებს. და თუ სასამართლოში სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს, მაშინ ფორმულა 1-ის ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებას ეცდება, რომელიც FIA-ზე არ იქნება დამოკიდბული.
მართალია, ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი დარწმუნებულია, რომ ბრიატორეს ალტერნატიული ჩემპიონატის ჩამოყალიბება გაუჭირდება, მაგრამ იტალიელ მენეჯერს დასაკარგი არაფერი აქვს და მის განზრახვათა სერიოზულობაში ეჭვის შეტანაც კი არ ღირს.
და მაინც, ბერნი თვლის, რომ ბრიატორესთან თანამშრომლობაზე ცნობილი და პოპულარული ტრასების უმეტესობა უარს იტყვის, რადგან მათ ეკლსტოუნთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ.
”ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზების იდეა პოპულარული როცა იყო, მან მაშინაც კი ვერ მიაღწია მიზანს. ახლა კი ეს გამორიცხულია”, - ”ტაიმსთან” საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა, ვინც ბრიატორესთან ერთად, ინგლისის ლიგის ჩემპიონატის კლუბ ”ქუინზ პარკ რეინჯერსის” თანამფლობელია.
სინგაპურის შარშანდელ დიდ პრიზზე, წინასწარი განზრახვით მოწყობილი ავარიის ორგანიზებაში ბრალდებულ ბრიატორეს FIA-მ არამხოლოდ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, არამედ საკუთარი ეგიდით ორგანიზებული ჩემპიონატების რბოლებზე მაყურებლის რანგში დასწრებაც კი აუკრძალა. რა თქმა უნდა, აკრძალვა სამენეჯერო საქმიანობასაც ეხება. არადა, ბრიატორე, უფრო სწორედ, მისი კომპანია FFBB, ამჟამად ფორმულა 1-ის რამდენიმე პილოტის საქმეებს განაგებს.
მას კონტრაქტები ჰეიკი კოვალაინენთან (ფინეთი), მარკ უებერთან (ავსტრალია), რომენ გროჟანთან (საფრანგეთი) და ლუკა დი გრასისთან (ბრაზილია) აკავშირებს. რა თქმა უნდა, ოთხივე პილოტს სასწრაფოდ ახალი მენეჯერის მოძებნა მოუწევს. რაც შეეხება ბრიატორეს, FIA-ს დისკვალიფიკაცია მას წლიურად დაახლოებით 10 მილიონ დოლარს დააკარგვინებს.
No comments:
Post a Comment