სამხრეთ კორეაში ფორმულა 1-ის კანონი მიიღეს
18 სექტემბერი
სამხრეთ კორეის ხელისუფლება ძლიერაა მოწადინებული, რათა მერმის ფორმულა ერთის ეტაპს უმასპინძლოს. ამ წადილის დასტური კი ის ფაქტია, რომ დიდი ეროვნული პარტიისა და დემოკრატიული პარტიის კოალიციამ, პარლამენტში დაამტკიცა ეგრეთ წოდებული ”ფ1-ის აქტი”, რომელიც ქვეყნის მთავრობას ფორმულა 1-ის ტრასის მშენებლობის მეთვალყურეობას და საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ მხარდაჭერასაც ავალებს.საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ მომზადებულ, მომავალი სეზონის წინასწარ კალენდარში, სამხრეთ კორეული ეტაპი შეტანილი არაა, თუმცა ამ ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ფედერაციის დიდმოხელეები გადაწყვეტილებას შეცვლიან, ან კორეულ ეტაპს კალენდარში 2011 წლისთვის მაინც შეიტანენ.
”პარლამენტის მიერ ”ფ1-ის აქტის” მიღებით, ჩვენ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთან ნდობის მოპოვების საკითხში. ამასთან, სახელმწიფო გარანტია იმას ნიშნავს, რომ პროექტს ფინანსური პრობლემა არ შეექმნება. ოცნება იმისა, რომ მალე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრასა გვექნება, რეალური ხდება”, - ამბობს კორეული რბოლის პრომოუტერი კომპანია ”კორეა ავტო ვალეის” მთავარი აღმასრულებელი იუნგ-ჩო ჩუნგი.
No comments:
Post a Comment