ბატონი უკვე ჩემპიონი უნდა იყოს
Jenson Button
28 სექტემბერი
ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ბერნი ეკლსტოუნი თავისას გაიტანდა და ფორმულა 1-ში ჩემპიონის გამოსავლენ მთავარ პირობად გამარჯვებათა რაოდენობა გამოცხადდებოდა.
ეკლსტოუნს ამ სეზონის დასაწყისში ეგრეთ წოდებული მედლების სისტემის შემოღება სურდა, რომლის მიხედვითაც, რბოლის ბოლოს, მხოლოდ მოწინავე სამ ადგილზე გასული პილოტების შედეგები დაფიქსირდებოდა. ჩემპიონად კი ის პილოტი გამოცხადდებოდა, რომელიც სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტ ოქროს მედალს მოუყრიდა თავს. თანაბარი რაოდენობის გამარჯვებათა შემთხვევაში, ანგარიშში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების რაოდენობასაც ჩართავდნენ.
ამ სეზონში ჯენსონ ბატონს 6 გამარჯვება უკვე მოპოვებული აქვს. გამარჯვებათა რაოდენობით, მისი უახლოესი მდევრები რუბენს ბარიკელო, სებასტიან ფეტელი და ლუის ჰამილტონი არიან, რომელთა ანგარიშზე მხოლოდ 2-2 გამარჯვებაა. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სეზონის დასრულებამდე სულ სამი ეტაპიღა დარჩა, ესე იგი, მოგებების მხრივ, ბატონი ყველასათვის მიუღწეველი რჩება და ეკლსტოუნს თავისი რომ გაეტანა, ბრიტანელი ჩემპიონად სინგაპურშივე გამოცხადდებოდა.
ისე კი, მედლების სისტემა თვალში არც თავად ბატონს მოსდის: ”პრინციპი ”მოგებული ყველაფერს ღებულობს”, ფორმულა 1-თვის უცნაურად ჟღერს. მიმაჩნია, რომ ქულების დარიცხვის სისტემა უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც ჩვენი სპორტის ისტორიის ნაწილია. ჩემპიონატის არსს ყველაზე მეტად ქულების სისტემა ასახავს და ძალიან მინდა, ტიტული სწორედ ამ სისტემით მოვიპოვო”.
No comments:
Post a Comment