ტრული პროგნოზებმა დაღალა
Jarno Trulli (Autosport)
8 სექტემბერი
”ტოიოტას” იტალიელი პილოტი იარნო ტრული ამბობს, რომ დაღალა იმის პროგნოზირებამ, თუ როდის მოიპოვებს ”ტოიოტა” ფ1-ში თავის პირველ გამარჯვებას. პროგნოზებზე უარი კი მას შემდეგ თქვა, რაც ბელგიაში, სტარტზე მომხდარმა ინციდენტმა ”პოტენციური გამარჯვებისთვის” ბრძოლის საშუალება არ მისცა.
სპას კვალიფიკაციაზე, იტალიელმა სტარტის პირველი რიგიდან (მეორე პოზიციიდან) აღების უფლება მოიპოვა და იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლას შესძლებდა, მაგრამ რბოლის პირველივე მოსახვევში, მას გერმანელ ნიკ ჰაიდფელდთან შეჯახება მოუვიდა და გამარჯვებას ვინ ჩივის, რბოლის დასრულებაც ვერ შეძლო.
ამ სეზონის დაწყებამდე, ”ტოიოტამ” გამოაცხადა, რომ მიზნად პირველი გამარჯვების მოპოვებას და მინიმუმ, ერთი ეტაპის მოგებას ისახავდა. თავიდან იაპონური გუნდი პელოტონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ შუა სეზონში აშკარა ჩავარდნა ჰქონდა, ახლა კი ნელ-ნელა კვლავ იბრუნებს პოზიციებს და წინასასეზონო ამბიციაც უბრუნდება. და რა თქმა უნდა, პირველ გამარჯვებას ყველა გამოცდილი იტალიელისგან ელის.
იტალიური ეტაპის ჩათვლით, ”ტოიოტას” თავისი მიზნის მისაღწევად ხუთი ეტაპიღა აქვს დარჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ ტრული ოპტიმისტია, ამბობს, რომ პროგნოზებს აღარ გააკეთებს, რადგან ამას არავითარი აზრი არ აქვს და ასეც რომ არ იყოს, თავადვე არ აპირებს მოლოდინის შექმნას და მერე ამის გამო ზედმეტად დაძაბვას.
”პროგნოზებს შევეშვი, რადგან ვერავინ იტყვის, კონკრეტულ რბოლაში რა მოხდება. სპაზე მართლაც ანთებული ვიყავი საბრძოლველად, მაგრამ ერთი მოსახვევის შემდეგ, ყველაფერი დამთავრდა. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება რბოლისას შეგემთხვას, მისი ნაადრევად დასრულებაა. მეც სწორედ ასე მომივიდა”, - ამბობს ტრული.
რა თქმა უნდა, ის იმედოვნებს, რომ იტალიაშიც მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას შესძლებს, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ ის გარემოება მოქმედებს, რომ მონცას კერს-იანი მანქანებისთვის ხელსაყრელი კონფიგურაცია აქვს. მაგრამ ტრული არ ტყდება და იღბლის იმედი აქვს, რომელიც აქამდე მისგან ზუგშექცეული იყო.
”გამარჯვებისთვის იღბალიც ძალიან საჭიროა. ამასთან, ყოველთვის უიღბლოც ვერ იქნები, ადრე თუ გვიან, უნდა გაგიმართლოს. ჯერჯერობით ისე ჩანს, თითქოს გარემოებებს ჩვენი გამარჯვება არ სურს. სპას ინციდენტმა ძალიან გამაწბილა, რადგან რაც მოხდა, ჩემი ბრალი არ იყო. მაგრამ როცა მსგავსი რამ ხდება, ეს დიდი სირცხვილია”, - დასძენს ტრული.
No comments:
Post a Comment