”რენო” ”უილიამსისგან” FOTA-ში დაბრუნებას მოითხოვს
Renault-Williams (Motorsport.com)
5 სექტემბერი
”რენო” თანხმაა, თავისი ძრავები ”უილიამსს” მიაწოდოს, მაგრამ ინგლისური გუნდისგან მოითხოვს, რომ ის ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციას (FOTA) დაუბრუნდეს.
იმის გამო, რომ ”უილიამსი” არაა დარწმუნებული, რომ ”ტოიოტა” ფორმულა 1-ში გამოსვლას გააგრძელებს, ძრავების ალტერნატიული მიმწოდებლის ძიება დაიწყო და მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის, ”რენოსთანც” აწარმოებს. ფრანგულ გუნდს ძრავების მიწოდების შესაძლებლობა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისმა წლევანდელმა კლიენტმა ”რედ ბულმა” სამერმისოდ ”მერსედეს-ბენცის” ძრავებზე გადასვლა არჩია.
”ძრავის საკითხი ჯერაც გადაუწყვეტელი გვაქვს. ამ მხრივ, ინტენსიურ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მწარმოებელთან ვაწარმოებთ, მაგრამ იმავდროულად ვიცით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ”, - ამბობს ”უილიამსის” მთავარი აღმასრულებელი ედამ პერი.
მაგრამ გერმანული გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტი” იტყობინება, რომ ”რენოს” შეფმა ფლავიო ბრიატორემ ”უილიამსის” შეფ სერ ფრენკ უილიამსს (სურათზე) პირობა წაუყენა - ძრავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგაწვდით, თუ FOTA-ში დაბრუნდებითო.
ინგლისურ გუნდს FOTA-ს წევრობა წელს შეუწყვიტეს, რისი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ ”უილიამსმა” საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FiA) მოთხოვნა შეასრულა და მომავალი სეზონის ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადზე ხელი ყოველგვარი პირობის გარეშე მოაწერა. ამ დროს კი, FOTA-ს გუნდები ფედერაციას, მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებით ემუქრებოდნენ.
ისე, უნდა ითქვას, რომ ასოციაციის წევრობის შეჩერებას ფრენკ უილიამსი არც დაუმწუხრებია - თუ სკოლიდან გაგდებენ, იქ დაბრუნებას აღარ ეცდებიო, - ამბობდა ის ივნისში და ისე ეტყობა, არც ახლა დარდობს იმაზე, რომ მისი საჯინიბო FOTA-ს წევრი არაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაციის ვებ გვერდზე ”უილიამსის” ემბლემა ჯერაც ფიგურირებს.
სხვათა შორის, იმავე მიზეზით, FOTA-ს წევრობა ”ფორს ინდიასაც” შეჩერებული აქვს, თუმცა ინდურ გუნდს უკვე გაუწიეს რეკომენდაცია და ალბათ, იქ მალე დააბრუნებენ. ასოციაციაში განაცხადი უკვე ახალმა გუნდმა - ამერიკულმა USF1-მაც შეიტანა.
იმავე ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ცნობით, მართალია, ამერიკულ გუნდს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გამოუჩნდა ”იუთუბის” თანამფლობელ ჩად ჰარლის სახით, მაგრამ შარლოტში არსებულ ბაზაში ჯერჯერობით მხოლოდ კომპიუტერები დგას და იქ არც მომავალი სეზონისთვის მზადება იგრძნობა...
No comments:
Post a Comment