ჩემპიონმა მოიგო, ახალი ჩემპიონი გამოიკვეთა
Singapore Grand Prix
27 სექტემბერი
მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონის, ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მე-14 ეტაპი - სინგაპურის დიდი პრიზი. იმავდროულად, მიმდინარე ჩემპიონატის ბრიტანელმა ლიდერმა ჯენსონ ბატონმა მოწინავე პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა და უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელთან, ბრაზილილ რუბენს ბარიკლოსთან უპირატესობა ერთი ქულით, 15 ქულამდე გაზარდა.
ჰამილტონმა რბოლა პოულ პოზიციიდან აიღო და ლიდერობა ფინიშამდე შეინარჩუნა. არადა, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკაზე მის მანქანას პრობლემები ჰქონდა. თუმცა შემდეგ გუნდმა მას შასი გამოუცვალა და მანქანამაც ისე იმუშავა, როგორც ჩემპიონს შეეფერებოდა. ამის შედეგი კი ისაა, რომ ”მაკლარენისა” და ”მერსედეს-ბენცის” ტანდემმა მე-60 გამარჯვება იზეიმა.
”პარასკევს პრობლემები გვქონდა, მაგრამ შაბათს სიტუაცია გამოსწორდა. რბოლის დასაწყისიც ისეთი გამომივიდა, როგორსაც ვისურვებდი. პირველივე წრეზე ვიცოდი, რომ უპირატესობა მქონდა, რადგან სხვებზე გვიან შევდიოდი ბოქსში. მოკლედ, დასაწყისიდანვე სრულად ვაკონტროლებდი სიტუაციას, რისთვისაც ჩემს თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მთელი რბოლის განმავლობაში ასეთი უპირატესობა მქონდა”, - ნარბოლევს განაცხადა ჩემპიონმა, რომელმაც თავისი ტიტული ფაქტობრივად წინა რბოლაზე, მონცაზე მაშინ დაკარგა, როცა ბოლო წრეზე ავარია მოუვიდა. არადა, იმ მომენტში მეორე ადგილზე იმყოფებოდა.
ჰამილტონმა ფინიშთან თითქმის ათი წამით მიასწრო ”ტოიოტას” გერმანელ ტიმო გლოკს, ვინც მთელი რბოლის განმავლობაში მეწინავეთა შორის იმყოფებოდა, კარგად ისარგებლა მეტოქეთა შეცდომბით და საბოლოოდ, კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. გლოკისთვის ეს ამ სეზონში მეორე კვარცხლბეკია, კარიერაში კი მან მეორედ (უნგრეთი 2008-ს შემდეგ) დაიკავა მეორე ადგილი.
რაც შეეხება ბატონს, ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ტრასაზე პეისკარის გამოსვლით ისარგებლა. ეს კი მე-20 წრეზე მოხდა, მას შემდეგ, რაც ადრიან სუტილმა ხაიმე ალგერსუარის გასწრება სცადა. გერმანელს მანევრი არ გამოუვიდა და მას მანქანა დაუტრიალდა. თანაც, მისი ”ფორს ინდია” ცუდ ადგილზე ჩარჩა. მართალია, უკან მომავალმა იარნო ტრულიმ (ტოიოტა) მისთვის გვერდის ავლა მოასწრო, მაგრამ გერმანელ ნიკ ჰაიდფელდის ”ბეემვე ზაუბერმა” ზედ ცხვირზე გადაუარა. მოკლედ, ტრასის ეს მონაკვეთი ნამსხვრევებით მოიფინა და ტრასაზე გამოსვლა არც ”მშვიდობის მანქანას” დაუგვიანია.
ბატონი იმ პილოტებს შორის იყო, რომლებიც რეზინის შესაცვლელად ჯერ ბოქსში ნამყოფები არ იყვნენ და ეს მაშინ გააკეთეს, როდესაც მეტოქეთა ტმპი პეისკარმა შეზღუდა. მოკლედ, ჩემპიონატის ლიდერმა ამით ორი ადგილი მოიგო. მართალია, ბარიკელო ჯერაც მის წინ იყო, მაგრამ მეორე, გვიანი პიტსტოპის წყალობით, ბატონმა ისიც ჩამოიტოვა და საბოლოოდ, მასზე ერთით მეტი ქულა აიღო, რითაც ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.
მოკლედ, ბატონს დარჩენილ სამ რბოლაში 16 ქულა სჭირდება იმისათვის, რომ მისი ჩემპიონობა სხვაზე (ბარიკელოზე) აღარ იყოს დამოკიდებული. მის გუნდს კი ჩემპიონობის გასანაღდებლად 6 ქულაც კი ეყოფა.
შემდეგ ეტაპს ერთ კვირაში იაპონიის სუზუკა უმასპინძლებს.
სინგაპურის დიდი პრიზი
სინგაპური. დისტანცია 308.950 კმ (5.067 კმ - 61 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:56:6.337
2. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) +9.634
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 0:16.624
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 0:20.261
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 0:30.015
6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 0:31.858
7. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 0:36.157
8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 0:55.054
9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 0:56.054
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 0:58.892
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 0:59.777
12. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:13.009
13. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:19.890
14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:33.502
გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 14 წრე
გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 14 წრე
გ. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 16 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 38 წრე
გ. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 42 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 58 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:48.240, 53-ე წრე
პილოტთა კლასიფიკაცია
1. ჯენსონ ბატონი - 84 ქულა; 2. რუბენს ბარიკელო - 69; 3. სებასტიან ფეტელი - 59; 4. მარკ უებერი - 51.5; 5. კიმი რაიკონენი - 40; 6. ლუის ჰამილტონი - 37; 7. ნიკო როსბერგი - 30.5; 8. ფერნანდო ალონსო - 26; 9. ტიმო გლოკი - 24; 10. იარნო ტრული - 22.5; 11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) - 22; 12. ჰეიკი კოვალაინენი - 22; 13. ნიკ ჰაიდფელდი - 12; 14. რობერტ კუბიცა - 9; 15. ჯანკარლო ფიზიკელა - 8 *; 16. ადრიან სუტილი - 5; 17. სებასტიან ბუემი - 3; 18. სებასტიან ბუემი ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო) - 2; 19. კაზუკი ნაკაძიმა - 0; 20. ნელსონ პიკე (ბრაზილია, რენო) -0; 21. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) - 0; 22. ვიტანტონიო ლიუცი - 0; 23. რომენ გროჟანი - 0; 24. ხაიმე ალგერსუარი - 0
* - ფიზიკელამ ყველა ქულა ”ფორს ინდიას” მანქანით მოიპოვა
კონსტრუქტორთა პირველობა
1. ბრაუნ-მერსედესი - 153 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 110.5; 3. ფერარი - 62; 4. მაკლარენ-მერსედესი - 59; 5. ტოიოტა - 46.5; 6. უილიამს-ტოიოტა - 30.5; 7. რენო - 26; 8. ბეემვე ზაუბერი - 21; 9. ფორს ინდია-მერსედესი - 13; 10. ტორო როსო-ფერარი - 5
No comments:
Post a Comment