”ზაუბერი” ისევ ”ფერარის” ძრავებს დაუბრუნდება
Sauber powered by Ferrari
24 სექტემბერი
”ბეემვე ზაუბერის” შეფმა მარიო თაისენმა დაადასტურა, რომ თუ მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება შეუნარჩუნდება, ის მერმის ”ზაუბერის” სახელით და ”ფერარის” ძრავებით იასპარეზებს.
მას შემდეგ რაც ”ბეემვემ” ფორმულა 1-დან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის გადარჩენა შვეიცარიულმა საინვესტიციო ჯგუფმა ”ქედბეკმა” ითავა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება დაუგვიანდა, რის გამოც, ”ბეემვე ზაუბერის” ხელმძღვანელებმა ვერ შეძლეს თანხმობის ახალ ხელშეკრულებაზე გუნდის სახელით ხელის მოწერა (იმ დროისთვის გარანტიები მიღებული არ ჰქონდათ). ამიტომ, მომავალი სეზონის განაცხადში მისი ადგილი აღარ აღმოჩნდა.
უფრო მეტიც, ”ბეემვე ზაუბერის” ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა კონკურსი, რის შედეგადაც ფორმულა ერთს მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძველი გუნდი - ”ლოტუსი” უბრუნდება. თუმცა, ჯერაც არსებობს იმის შანსი, რომ მერმის ჩემპიონატში 14-მა გუნდმა იასპარეზოს. და ამ შემთხვევაში, მე-14 გუნდი სწორედ ”ზაუბერი” გახდება.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, სანამ დამოუკიდებლი გუნდი იყო, ”ზაუბერი” სწორედ ”ფერარის” ძრავებსა და გადაცემათა კოლოფებს იყენებდა. დღეს კი, როდესაც მას ”ბეემვემ” ზუგი აქცია, ისევ მარანელოელებთან თანამშრომლობას უბრუნდება.
მართალია, თაისენმა სინგაპურში დაადასტურა, რომ ”ფერარისთან” შეთანხმება უკვე მიღწეულია, მაგრამ თავად რას მოიმოქმედებს - დარჩება გუნდში, თუ ბავარიულ კომპანიაში, სპორტული დივიზიონის შეფად გააგრძელებს მუშაობას, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
”ჩემი პირადი მომავალი ჯერ არ გადამიწყვეტია და ამ საკითხს ღიად სეზონის დასრულებამდე დავტოვებ. ჩემი პირადი სიტუაციის და გუნდის გადარჩენის მცდელობათა ერთმანეთთან დაკავშირება არ მიმაჩნია გამართლებულად და არც იმაზე ვშიშობ, რომ მეტისმეტად ცოტა დრო დამრჩა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ეტაპზე სხვა საკითხებით ვარ დაკავებული. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი მომავალ სეზონშიც გამოვა სტარტზე. ამის იმედს თუნდაც ის ფაქტი მაძლევს, რომ მას გვერდში ძალიან ძლიერი ინვესტორი უდგას. რაც მთავარია, მას სურს, რომ გუნდმა მაღალ დონზე იასპარეზოს და არა ისე, რომ თქვან - ისიც გამოდისო. ეს გუნდისთვის შესაშური პერსპექტივაა, რასაც, სიმართლე რომ ვთქვა, არ ველოდით. ასე რომ, ჩვენში ყველა კარგ განწყობაზეა და ისე ვმუშაობთ, თითქოს მომავალი გარანტირებული გვქონდეს. სინგაპურში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მანქანით ჩამოვედით და ვიმედოვნებთ, რომ სეზონის დარჩენილ ოთხ ეტაპზე კარგად ვიასპარეზებთ”, - ამბობს თაისენი.
No comments:
Post a Comment