დაჯილდოების ცერემონია
მონცას ავტოდრომი ერთ-ერთი ყველაზე ძველია იმ ტრასებს შორის, სადაც ფორმულა ერთის რბოლები ტარდება. მისი მშენებლობა მილანური ავტოკლუბის ინიციატივით, 1922 წელს დაიწყო და იმავე წლის სექტემბერში დასრულდა. მონცას პირველი ავტოდრომის სიგრძე 10 კილომეტრი იყო. ფაქტობრივად, ის ორ განსხვავებულ ტრასას აერთიანებდა, რომელთაგან ერთი ოვალური იყო, მეორე კი ჩვეულებრივი სარბოლი ავტოდრომი.
იმდროინდელ მსოფლიოში, ”აუტოდრომო ნაციონალე” რბოლებისთვის სპეციალურად აგებული სულ მესამე ავტოდრომი იყო. ოვალის საერთო სიგრძე 4.5 კილომეტრს შეადგენდა და ის ორი გრძელი (1070-მეტრიანი) სწორისა და ორიც მოსახვევისგან შედგებოდა. ამასთან ერთ მოსახვევს ცვალებადი რადიუსი ჰქონდა. მეორე ტრასის სიგრძე კი 5.5 კილომეტრს შეადგენდა. სტარტ/ფინიშის გასწვრივ, ტრასის ორივე ნაწილის მთავარი სწორი ერთმანეთის პარალელურად მდებარეობდა. მათი გადაკვეთის ადგილზე, იმისათვის, რომ გზები ერთმანეთისთვის აეცდინათ, ერთი მათგანი, რომელიც აღმართს აუყვებოდა, ხიდზე (ამ ხიდის ქვეშ თანამედროვე ავტოდრომის ერთი სწორი მონაკვეთი ახლაც გადის) გაატარეს.
ტრასის პროექტი 6 მილიონ ლირად იყო შეფასებული. მის მშენებლობაზე 3 500 ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებმაც საქმე 110 დღეში მოათავეს. ტრასა 3 სექტემბერს გაიხსნა, ერთ კვირაში კი იტალიის მეორე დიდ პრიზს უმასპინძლა, რომელსაც 350 000 ადამიანი დაესწრო.
1928 წელს, მონცაზე იტალიის ავტოსპორტის იტორიაში ყველაზე საზარელი ტრაგედია დატრიალდა - სტარტ/ფინიშის სწორზე, დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ემილიო მატერასის ”ტალბო 700” წინ მიმავალი ჯულიო ფორესტის ”ბუგატი T35C-ს” დაეჯახა, ჰაერში აიჭრა, უზარმაზარ დამცავ ზღუდეს გადაუფრინა და ტრიბუნაზე დაეცა. ინციდენტმა მატერასიანად 27 (ზოგი მონაცემით 22, რომელთაგან ერთი, მიღებული ჭრილობებისგან მოგვიანებით დაიღუპა) ადამიანი შეიწირა... რბოლა მაინც გაგრძელდა და ის მონაკოელმა ლუი შირონმა მოიგო.
ამ ტრაგედიის გამო, მონცაზე ორი წელი რბოლა აღარ ჩატარებულა, 1932 წელს კი ასპარეზობას მხოლოდ ოვალმა უმასპინძლა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი ტრაგედა მოხდა, რასაც სამი პილოტის სიცოცხლე შეეწირა და ტრასის პატრონებმაც მისი გადაკეთება გადაწყვიტეს.
ტრასის რეკონსტრუქცია 1938–39 წლებში ჩატარდა, რომლის დროსაც, კონფიგურაციიდან ორი სწორი მონაკვეთი ამოიღეს, ყველაზე ჩქაროსნულ მონაკვეთებს კი შიკეინები (S-მოსახვევი) დაუმტეს. ახალი ტრასის სიგრძე 6.3 კილომეტრამდე დამოკლდა და ის 1954 წლამდეზე აღარც შეუცვლიათ.
ომის დროს ავტოდრომი გაპარტახდა. ის ხან არქივის საცავად გამოიყენეს, ხან ზოოპარკის თავშესაფრად. ბოლოს კი ტანკების აღლუმი მოაწყვეს, რამაც გზის საფარი გაანადგურა. ომის შემდეგ, ბოქსებისგან და ტრიბუნებისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. 1948 წელს მილანის ავტოკლუბმა ტრასის აღდგენა გადაწყვიტა და საქმეს კვლავ რეკორდულ დროში მოაბა თავი - სამუშაოს დაწყებიდან ორ თვეში, ავტოდრომი რბოლების სამასპინძლოდ მზად იყო. 17 ოქტომბერს იქ იტალიის დიდი პრიზი ჩატარდა, რომელიც ჟან-პიერ ვიმილმა ”ალფა რომეო 158-ით” მოიგო, ერთი კვირის შემდეგ კი მონცაზე მოტოციკლისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპიც ჩატარდა.
მეორე კონფიგურაციამაგრამ 1961 წელს კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, რის შემდეგაც, ტრასის გრძელ ვარიანტზე და მასთან ერთად, ოვალის დახრილ მოსახვევებზე სამუდამოდ თქვეს უარი. ის ავარია კი გერმანელ ვოლფგანგ ფონ ტრიპსს შეემთხვა, რომელმაც პარაბოლიკას შესასვლელში თავისი ”ფერარი” ვერ დაიმორჩილა, დამცავი ზღუდე გაანგრია და მაყურებლებში შევარდა. შემთხვევას პილოტი და 11 მაყურებელი შეეწირა.
ამის შემდეგ, ტრასას კრიტიკულ მონკვეთებზე რკინის ზღუდე შემოავლეს, მაგრამ 1970 წელს ვერც ამან იხსნა ავსტრიელი იოხენ რინდტის სიცოცხლე. იმავე პარაბოლიკას შესასვლელში, მისი ”ლოტუსის” მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა, დიდი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ ზღუდე საძირკვლიანად მოგლიჯა. პილოტი კი ადგილზევე დაიღუპა. ამის მიუხედავად, რინდტი მაინც ჩემპიონი გახდა (დარჩენილ ეტაპებზე მასზე მეტი ქულა ვეღარავინ დააგროვა).
სულ დღემდე მონცას ავტოდრომზე ტრასის კონფიგურაცია ცხრაჯერ შეიცვალა. ბოლო სერიოზული რეკონსტრუქცია მას 2000 წელს ჩაუტარდა, 2006 წლის რბოლის შემდეგ კი, პილოტების მოთხოვნით, მეორე შიკეინის უსაფრთხოების ზონაში, ხრეშის ნაცვლად ასფალტი დააგეს.
რაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატები ტარდბა (1950 წლიდან), ერთის გარდა, იტალიის ყველა დიდ პრიზს მონცამ უმასპინძლა. 1980 წელს რბოლას იმოლა ავტოდრომზე ჩატარდა.
სწორედ მონცაა ის ადგილი, სადაც ფ1-ის ისტორიაში ყველაზე მჭიდრო ფინიში დაფიქსირდა. ეს 1971 წელს მოხდა, როცა ბრიტანელმა პიტერ გეტინმა თავისი ”ბეერემით” ფინიშთან 0.01 წამით მიასწრო ”მარჩით” მოასპარეზე შვედ რონი პეტერსონს. პირველი ხუთი მანქანა კი გამარჯვებულისგან ერთწამიან ინტერვალში ჩაეტია.
1988 წლის მონცას რბოლა იმით იყო საინტერესო, რომ ”ფერარისთვის” ეს ენცო ფერარის გარდაცვალების შემდეგ პირველი გამოსვლა იყო. და ის ”სკუდერიამ” დუბლით დაასრულა - რბოლა ავსტრიელმა გერჰარდ ბერგერმა მოიგო, მას კი ნახევარი წამით მიქელე ალბორეტო ჩამორჩა. იმ სეზონში ეს ერთადერთი რბოლა იყო, რომლის მოგებაც ”მაკლარენის” ბრწყინვალე დუეტმა (აირტონ სენა, ალენ პროსტი) ვერ შეძლო და ისიც იმიტომ, რომ ფინიშს ვერცერთმა ვერ მიაღწია - სენას ფინიშამდე ორი წრით ადრე ავარია მოუვიდა, უფრო ადრე კი პროსტს ძრავი დაეწვა. 2000 წელს, მონცაზე თავისი 41-ე გამარჯვება მიხაელ შუმახერმა მოიპოვა და გამარჯვებათა რიცხვით აირტონ სენას გაუტოლდა, რის გამოც, მან პრესკონფერენციაზე იტირა.
No comments:
Post a Comment