ალონსო ”ფერარიში” ნაადრევ გადასვლას გამორიცხავს
Fernando Alonso
1 სექტემბერი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო გამორიცხავს ”ფერარიში” ამ სეზონის ბოლომდე გადასვლას. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფელიპე მასა ჩემპიონატს წელს აღარ დაუბრუნდეზება, პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მასას შემცვლელ ლუკა ბადორეის ნაცვლად, მარანელოელებს ალონსო მიეწვიათ, რომელიც მერმის მაინც ფერარის” პილოტი გახდება (ამაზე უკვე ყველა ღიად ლაპარაკობს, მაგრამ თავად ალონსო და იტალიური გუნდი ჯერ არაფერს ადასტურებენ და იტალიის დიდ პრიზს ელიან, სადაც ”ფერარი” მნიშვნელოვან პრესკონფერენციას ჩაატარებს).
ესპანურ რადიოსადგურ ”სადენა სერ-ის” კითხვაზე, აპირებს თუ არა ”ფერარიში” ბადოერის შეცვლას, ალონსომ მოკლედ უპასუხა - არა და ამას წყალი არ გაუვაო. მაგრამ გაზეთმა ”ასმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბელგიური ეტაპის დროს, სპა ფრანკორშანის პადოკში, ”რენოს” შეფი ფლავიო ბრიატორე ”ფერარის” შეფ სტეფანო დომენიკალის შეხვდა და მასთან სწორედ ალონსოს საკითხი განიხილა.
მიმომხილველები თვლიან, რომ ბრიატორეს ალონსოს გაშვება არ აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში, ”რენოს” სპონსორებთან ურთიერთობა გაურთულდება. მაგრამ იტალიელი მენეჯერი თავის მიდგომას შეიცვლის, თუ ”ბეემვე ზაუბერი” კონტრაქტისგან თავის პოლონელ ვარსკვლავ რობერტ კუბიცას გაათავისუფლებს. როგორც ჩანს, ბრიატორეს სწორედ კუბიცა ესახება ალონსოს შემცვლელად და არა ფინელი კიმი რაიკონენი, რომლის ადგილსაც ესპანელი ”ფერარიში” დაიკავებს.
ეს კი ირიბად ნიშნავს, რომ აისმენი მერმის ”მაკლარენს” დაუბრუნდება, საიდანაც სამი წლის წინ იტალიურ გუნდში გადავიდა. თავის მხრივ, ეს იმას მოასწავებს, რომ ”უილიამსი” გერმანელ ნიკო როსბერგს შეინარჩუნებს, რომელსაც გული ”მაკლარენისკენ” მიუწევს.
რაც შეეხება ალონსოს, იმავე ”სადენა სერ-თან” საუბრისას განაცხადა, რომ არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. მან ეს მალეც განმარტა - ეს შეიძლება იყოს რამდენიმე დღე, ან რამდენიმე თვე.
ვინღა დაიჯერებს ამას...
No comments:
Post a Comment