რაიკონენის მომავალი მაინც გაურკვეველია
Kimi Raikkonen
13 სექტემბერი
კიმი ფერარის შეუძლებელ ქულებს უგროვებს, მაგრამ მარანელოელები ამას არ უფასებენ
................................................................................................
მართალია, კიმი რაიკონენმა ზედიზედ ოთხი რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა და მათგან ერთი მოიგო, მაგრამ ”ფერარიში” მას ადგილი გარანტირებული მაინც არ აქვს. ფინელ პილოტს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ მარანელოელებს ამ კონტრაქტის ერთი წლით ადრე დასრულება სურთ. თუმცა, მათი შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ მონცაზე რაიკონენის გამოსვლა მის საკითხს ღიად ტოვებს.
თხოვნაზე, წერტილი დაუსვას ჭორებს იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი მერმის ”ფერარიში” აღარ იქნება, დომენიკალიმ ასე უპასუხა: ”ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ამ თემაზე დღეს საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია. კიმის ჩვენთან კონტრაქტი მომავალ სეზონშიც აქვს და დღეს მხოლოდ ამის დადასტურება შემიძლია. მისი გამოსვლით ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ის ფანტასტიკური მრბოლია და თავის საქმესაც შესანიშნავად ასრულებს. გუნდი ძალიან, ძალიან კმაყოფილია მისი გამოსვლებით. განსაკუთრებით ეს სეზონის მეორე ნახევარს ეხება. მგონი, ბოლო ხუთ რბოლაში ბარიკელოს შემდეგ, ყველაზე მეტი ქულა მან დააგროვა. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს”.
პადოკში გავრცელებული ინფორმაციით, რაიკონენი ”მაკლარენის” და ”ბრაუნის” შეთავაზებებს განიხილავს, ”ფერარისთან” კი კონტრაქტის გამოსყიდვის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებას. სწორედ ამის გამოა, რომ მარანელოელებს აქამდე ვერ გადაუწყვეტიათ ფერნანდო ალონსოს გადმოყვანა.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ სეზონის მეორე ნახევარში მან ძალიან მოუმატა. ის მართლა ძალიან, ძალიან ძლიერი, სტაბილური და სწრაფი პილოტია. ის ყოველთვის კვარცხლბეკისთვის იბრძვის. რა თქმა უნდა, მან შესამჩნვად მოუმტა, მაგრამ ისევ ის კიმია, რომელიც ორი წლის წინ ჩემპიონი გახდა. ასე რომ, ყოველთვის გვჯერა, რომ მას ეს შეუძლია”, - ამბობს დომენიკალი.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ მისი გუნდი მომავალ რბოლებშიც იბრძოლებს კვარცხლბეკისთვის, დომენიკალი პასუხობს:
”ვიმედოვნებ, რომ ჩვენ დარჩენილ ეტაპებზეც კვარცხლბეკზე ვიქნებით. ვფიქრობ, მას (რაიკონენს) ეს შეუძლია. კიმი ძალიან კარგი პილოტია. მისი გამოსვლის შემდეგ, ძალიან გაგვიჭირდება იმის დადგენა, თუ რამდენად ჩამოვრჩებით მოწინავეებს. ასე რომ, თუ გუნდი მაქსიმალურად გაირჯება, მაშინ დარწმუნებით გეტყვით, რომ დარჩენილ ეტაპებზე ჩვენ კვარცხლბეკზე ვიქნებით”.
No comments:
Post a Comment