”ლოტუსი” ბრუნდება!!!
Lotus back to F1
14 სექტემბერი
ფორმულა 1-ს მისი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და სახელოვანი გუნდი - ”ლოტუსი” უბრუნდება!
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) გადაწყვეტილებით, ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატიდან გასული ”ბეემვე ზაუბერის” ადგილს მერმის სწორედ ”ლოტუსი” დაიკავებს.
ამასთან, FIA დაუყოვნებლივ შეუდგება დანარჩენ გუნდებთან კონსულტაციებს, რათა ”ზაუბერს” ჩემპიონატში გამოსვლის უფლება მიეცეს. ამ შემთხვევაში, ფორმულა 1-ის გუნდების რაოდენობა 14-მდე გაიზრდება.
ახალი გუნდის სახელწოდბაა ”ლოტუს F1 ტიმ” და მისი დამფუძნებლები არიან მალაიზიის მთავრობა და ამავე ქვეყნის ბიზნესმენთა კონსორციუმი. მთავრობის მიერ ცალკე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ლოტუსის” მანქანები მალაიზიაში, მალაიზიელების მიერ შეიქმნება.
თუმცა, ეს მომავალში იქნება, მას შემდეგ, რაც ”ლოტუსი” ბინას კუალა ლუმპურის ავტოდრომის მახლობლად დაიდებს. მანამდე კი გუნდი ინგლისში, ”ლოტუსის” საწარმოს მახლობლად დაბანაკდება.
FIA-ს განცხადებით, ჯერჯერობით ”ბეემვე ზაუბერი” სარეზერვო გუნდი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მომავალი სეზონის დაწყებამდე, ფ1-ს რომელიმე სხვა გუნდი დატოვებს, მის ადგილს სწორედ გერმანულ-შვეიცარული საჯინიბო დაიკავებს. პარალელურად, ფედერაცია ყველაფერს იღონებს, რათა მომავალი სეზონიდან ჩემპიონატში 14 გუნდი იქნას დაშვებული.
”ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გუნდების რაოდენობის 14-მდე გაზრდა ფორმულა 1-ს ბევრ სიკეთეს მოუტანს. ფედერაცია დაუყოვნებლივ იწყებს ამ საკითხთან დაკავშირებით მოქმედ გუნდებთან კონსულტაციებს, რათა წესები შეიცვალოს და მომავალი სეზონიდან, ჩემპიონატში 28 მანქანამ მიიღოს მონაწილეობა”, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
რაც შეეხება ”ლოტუსს”, მას მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, 45 წლის ტონი ფერნანდესი უხელმძღვანელებს. ეს კაცი იმითაა ცნობილი, რომ საბიუჯეტო ავიაგადამყვან კომპანია ”ეარ ეიშას” (Air Asia) მფლობელია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 220 მილიონ დოლარს შეადგენს.
”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი ფ1-ის ცნობილი კონსტრუქტორი მაიკ გასკოინია, ვისაც ადრე ”ჯორდანში”, ”ტოიოტაში”, ”რენოსა” და ”ფორს ინდიაში” უმუშავია. როგორც მოსალოდნელი იყო, ”ლოტუსმა” თავის განაცხადში ძრავების მიმწოდებლად ინგლისური კომპანია ”კოსუორტი” დაასახელა.
ჩემპიონატში დაბრუნების მომენტში, ”ლოტუსი” აღმოსავლეთ ინგლისში, ნორფოლკის საგრაფოში, ”ლოტუსის” ქარხნიდან 16 კილომეტრის დაშორებით იქნება ბაზირებული, მომავალში კი მთლიანად სეპანგის მახლობლად გადაბარგდება. მალაიზიის მთავრობის განცხადებით, ”ლოტუსი” თავისი პილოტების ვინაობას მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე გამოაცხადებს. ამ ეტაპზე, მოლაპარაკება ექვს ავტომრბოლთან მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი მალაიზიელია.
”ლოტუსს” ფორმულა 1-ში კონსტრუქტორთა პირველობა შვიდჯერ, პირადი ტიტული კი ექვსჯერ აქვს მოგებული. ის ფორმულა ერთის და მთლიანად, ავტოსპორტის სამყაროში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ინოვატორმა ინჟინერმა - კოლინ ჩეპმენმა დააარსა, რომელიც 1982 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა. 1985 წელს, ”ლოტუსის” მანქანით, თავისი პირველი გამარჯვება აირტონ სენამ მოიპოვა (პორტუგალიის ეშტორილში).
”ლოტუსში” მთელი თავისი კარიერა აქვს გატარებული ლეგენდარულ შოტლანდიელ ჯიმ კლარკს, ვინც ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ”ლოტუსის” დანარჩენი ჩემპიონები არიან: გრემ ჰილი (ბრიტანეთი), იოხენ რინდტი (ავსტრია, სიკვდიზილის შემდეგ), ემერსონ ფიტიპალდი (ბრაზილია) და მარიო ანდრეტი (აშშ).
გაკოტრების შემდეგ, ”ლოტუსი” მალაიზიურმა საავტომობილო კომპანია ”პროტონმა” შეისყიდა, სახელ ”ლოტუს F1-ზე” კომერციულ უფლებას კი მსოფლიოს ჩემპიონის, ბრიტანელი ჯეიმს ჰანტის ძმა, დევიდ ჰანტი ფლობს...
No comments:
Post a Comment