ბარიკელოს მომავალი გაურკვეველია
Rubens Barrichello
14 სექტემბერი
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი ეტაპიდან ორი მოიგო და ჯერაც ჩემპიონობის რეალურ შანსს ინარჩუნებს, ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს ”ბრაუნში” ადგილი განაღდებული მაინც არ აქვს. მონცაზე გამარჯვების შემდეგ, მან ჩემპიონატის ლიდერსა და თანაგუნდელ ჯენსონ ბატონთან ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირა.
მაგრამ ”ბრაუნის” აღმასრულებელი დირექტორი ნიკ ფრაი ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ მისი გუნდი ბრაზილიელის თავისთან დატოვებით დაინტერესებულია.
”ვნახოთ, რა მოხდება. ახლა ჩვენ მხოლოდ დარჩენილ რბოლებზე ვფიქრობთ. ჯენსონი და რუბენსი თავიანთ საქმეს შესანიშნავად ართმევენ თავს. ასე რომ, ამ თემის განხილვას ჯერ არ ვაპირებთ”, - ამბობს ფრაი.
მისი სიტყვები ირიბად ნიშნავს, რომ რუბინიო ადგილის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. მის პოზიციას ის ფაქტი ასუსტებს, რომ ”ბრაუნთან” მოლაპარაკებას ორი ძლიერი და რაც მთავარია, ახალგაზრდა პილოტი - კიმი რაიკონენი და ნიკო როსბერგი აწარმოებს. ამასთან, ორივეთი ”ბრაუნის” პარტნიორი ”მერსედეს-ბენცია” დაინტერესებული. მაგრამ პარალელურად, ორივე პილოტი მოლაპარაკებას გერმანული კომპანიის კიდევ ერთ პარტნიორთან, ”მაკლარენთანც” აწარმოებს.
ამ ორის გარდა, პილოტების ბაზარზე კიდევ ორი ძლიერი ”უმუშევარი” პილოტი - პოლონელი რობერტ კუბიცა და გერმანელი ნიკ ჰაიდფელდ იფიგურირებს, რომელთა გუნდი ”ბეემვე ზაუბერი” ამ სეზონის ბოლოს დატოვებს ფორმულა 1-ს.
ბარიკელო კი ჯერჯერობით არხეინადაა და ამბობს, რომ მისთვის ეს სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებულია: ”არც ისე დიდი დრო გავიდა, რაც ჩვენს გუნდს დაშლა ემუქრებოდა. გუშინდელივით მახსოვს, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე არ ვიცოდით, გამოვიდოდით თუ არა ჩემპიონატში. დღეს კი ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს სეზონი წარმატებულია”.
No comments:
Post a Comment