”ფორს ინდიამ” ლიუცი აიყვანა
Force India confirms Liuzzi
7 სექტემბერი
როგორც მოსალოდენლი იყო, ”ფერარიში” გადასული ჯანკარლო ფიზიკელას ადგილზე, ”ფორს ინდიამ” ასევე იტალიელი, ვიტანტონიო ლიუცი აიყვანა, ვინც აქამდე ინდური გუნდის სათადარიგო პილოტის მოვალეობას ასრულებდა.
”მოხარული ვარ, რომ ტონიოს რბოლებში დაბრუნების საშუალებას ვაძლევ. ვიცი, ის ამაზე უკვე ორი სეზონია ოცნებობს. ჩვენი გუნდი ახლა უკვე კონკურენტუნარიანია და ჩვენ შესაბამისი უნარისა და გამოცდილების პილოტი გვჭირდებოდა. ახლა ჯერი ტონიოზეა. მან უნდა დაუმტკიცოს გუნდსაც და სხვებსაც, რომ კარგი მანქანით შესაბამისი შედეგის თავი აქვს. და მე მჯერა, რომ ის ამ შანსს გამოიყენებს”, - ამბობს გუნდის შეფი და მეპატრონე ვიჯეი მალია.
28 წლის ლიუციმ ფორმულა 1-ის რბოლაში ბოლოს ორი წლის წინ იასპარეზა, ინდური გუნდის ბოლიდის საჭეს კი უკანასკნელად ნოემბრის ტესტებისას მიუჯდა. თუმცა, ამის მიუხედავად, იტალიელი პილოტი ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ”ფორს ინდიას” სირცხვილს არ აჭმევს:
”ერთი სული მაქვს, როდის გამოვალ ტრასაზე. მოლოდინი ორმაგად ძლიერია იმის გამო, რომ დაბრუნება საშინაო რბოლაზე, მონცაზე მიწევს. ძალიან ვაფასებ ვიჯეის გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენს გუნდს კონკურენტუნარიანი მანქანა ჰყავს, რომლითაც კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება და ვიმედოვნებ, მის შესაძლებლობებს სრულად გამოვიყენებ და გუნდის შემდგომ პროგრესში მონაწილეობას მივიღებ. ახლა ძალიან მოტივირებული, კარგ განწყობაზე ვარ და მჯერა, რომ გუნდს არაერთ ქულას შევმატებ. მართალია, ეს შანსი ფელიპე მასას სამწუხარო ინციდენტის შედეგად მივიღე, მაგრამ მის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვი და ვეცდები, ყველას ვაჩვენო, რისი თავი მაქვს”.
ლიუცის ფ1-ში სულ სამი სეზონი აქვს გატარებული - ”რედ ბულთან” და ”სკუდრია ტორო როსოსთან” ერთად, მან ამ სამ სეზონში მხოლოდ ხუთი ქულის აღება შესძლო. ჩატარებულ 39 რბოლაში კი მისი საუკეთესო შედეგი ჩინეთის 2007 წლის დიდ პრიზზე დაკავებული მე-6 ადგილია.
No comments:
Post a Comment