კანადის დიდი პრიზი ბრუნდება
Grand Prix of Canada
14 სექტემბერი
კანადური დიდი პრიზის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ მათი რბოლა ფორმულა 1-ის მომავალი სეზონის კალენდარში ჩაჯდება. მონრეალის რბოლა მიმდინარე ჩემპიონატის კალენდარში იმის გამო ვერ მოხვდა, რომ რბოლის ორგანიზატორებსა და ფორმულა ერთის ადმინისტრაციას (FOA) შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ცნობისათვის, FOA ფორმულა ერთის ჩემპიონატის კომერციულ უფლებებს ფლობს, თავად ამ ასოციაციას კი ბერნი ეკლსტოუნი აკონტროლებს. ჯერჯერობით უცნობია კანადური რბოლის ჩატარების თარიღი. სავარაუდოდ, მონრეალის ავტოდრომი დიდი პრიზების ქარავანს ივნისის პირველ უქმეებზე უმასპინძლებს.
”ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ ამ მოლაპარაკების შედეგით. ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეგვეძლო. მართალია, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოგვიქვეყნებია, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მერმის, ერთ ეტაპს ჩვენ ჩავატარებთ. ეჭვი არასდროს შემპარვია იმაში, რომ კანადის დიდი პრიზი FIA-ს კალენდარში დაბრუნდებოდა. თუმცა შესაძლებელი იყო, რომ ეს მომავალ სეზონში არ მომხდარიყო. ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისას დავრწმუნდი იმაში, რომ ეს სწორედ მერმის მოხდება. კანადური რბოლა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის და ფორმულა 1-თვის, არამედ გუნდებისთვის, ავტომწარმოებლებისა და სპონსორებისთვისაც. ამ ამბით კი განსაკუთრებით ჩვენს მაყურებლებს გავახარებთ, რომლებიც რბოლებს, მათ სანახაობრივ მხარეს და სპორტულ ბრძოლებს აფასებენ”, - ამბობს კანადის დიდი პრიზის აღმასრულებელი დირექტორი ნორმან ლეგო.
No comments:
Post a Comment