მონტეძემოლო: ალონსო ”ფერარიში” გადავა
მაგრამ როდის?
Montezemolo: Alonso will join Ferrari
11 სექტემბერი
”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო (სურათზე) ამბობს, რომ ფერნანდო ალონსო, ადრე თუ გვიან, მის გუნდში გადავა და დასძენს, რომ ეს ალბათ მერმის არ მოხდება.
ალონსოს იტალიურ საჯინიბოში შესაძლო გადასვლის თემა განსაკუთრებულად აქტუალური ახლახანს, მას შემდეგ გახდა, რაც ”სკუდერიამ” და ესპანურმა ბანკმა ”სანტანდერმა” ხუთწლიანი სასპონსორო კონტრაქტი გააფორმეს. ”სანტანდერი” კი ოდითგანვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის მხარდამჭერია.
დი მონტეძემოლოს თქმით, ”ფერარის” საკმაოზე მეტი კარგი პილოტები ჰყავს მომავალი სეზონისთვის, თუმცა იქვე დასძენს, რომ ოდესმე ალონსოს აუცილებლად თავისთან გადაიყვანს.
”ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. როდის? ვნახოთ. მომავალი სეზონისთვის ჩვენ რაიკონენი, მასა, ფიზიკელა, ბადოერი, ჟენე და ვიმდოვნებ, მიხაელ შუმახერი გვყავს. ასე რომ, მადრიდის ”რეალივით” გრძელი სკამი გვაქვს. ამჟამად ჩვენს რიგებში ორი ჩემპიონია - 2007 წლისა და 2008 წლის - მხოლოდ 15 წამით (მასას გულისხმობს, რომელიც, როცა ბრაზილიის დიდი პრიზის ფინიშის ხაზი გადაკვეთა, ჩემპიონი გახდა, მაგრამ 15 წამში, როცა ბოლო მოსახვევში ჰამილტონმა გლოკს გაასწრო, ეს ტიტული ბრიტანელის ხელში გადავიდა). ასე რომ, ვფიქრობ, ორი ექსტრაორდინარული პილოტი უკვე გვყავს”, - ამბობს დი მონტეძემოლო და დასძენს:
”ამას რომ ვამბობ, იმასაც ვგულისხმობ, რომ ალონსოს გადმოყვანაც მსურს. ის შესანიშნავი პილოტია და ეს ჯერ კიდევ მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც ”მინარდიში” გამოდიოდა. მერე მან ტიტულები მოიპოვა. ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, ყველა დიდი პილოტი ”ფერარიში” მოდის. მახსოვს, იმოლას რბოლამდე, სენა მოვიდა და მითხრა - მინდა, ჩემი კარიერა ”ფერარიში” დავასრულოო. პროსტი, ლაუდა, მენსელი, მიხაელი - ყველა ჩვენთან იყო. ცხოვრება გრძელია, ყველას თავისი დრო აქვს”...
”ფერარის” შეფი კვლავ იმედოვნებს, რომ მის გუნდს მესამე მანქანის გამოყვანის უფლებას მისცემენ, რითაც ფორმულა ერთში კონკურენცია გაიზრდება.
”მარტო ჩვენთვის კი არა, ყველასთვის კარგი იქნება, თუ სამი მანქანით ვიასპარეზებთ. ასე ბევრ ახალგაზრდა ნიჭიერ პილოტს მოვიყვანთ და მაყურებელს უკეთეს სანახაობას ვუჩვენბთ. უკეთესია, სამ მანქანას ხედავდე ცნობილი გუნდისგან, ვიდრე ბევრი უცნობი გუნდის მანქანებს, რომლებსაც ნაკლებად ცნობილი პილოტები მართავენ. გაიხსენეთ, მიხაელის დაბრუნების ცნობამ რა ბუმი გამოიწვია ვალენსიაში. უნდა ვცადოთ, რომ ეს ფაქტორი გამოვიყენოთ”.
No comments:
Post a Comment