დღეს ”რენოს” ბედი გადაწყდება
Renault F1
20 სექტემბერი
დღეს პარიზში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭო სპეციალურ რიგგარეშე სხდომას გამართავს, რომელზეც სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის რბოლის დროს მომხდარი ავარიის პერიპეტიებს განიხილავს. ავარია ბრაზილიელ ნელსინიუ პიკეს მოუვიდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ინციდენტი წინასწარ, ”რენოს” ხელმძღვანელობის მიერ იყო დაგეგმილი.
ფედერაციაში ადრეც ჰქონდათ ეჭვი, რომ ეს ავარია მოწყობილი იყო, მაგრამ რამდენადაც სამხილები არ არსებობდა, გამოძიება კარგა ხანს არ წარმოებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფრანგულმა საჯინიბომ ნელსინიუ პიკე კონტრაქტის ამოწურვამდე დაითხოვა, ბრაზილიელი პილოტის მამამ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნელსონ პიკემ თავის შვილს მომხდარის გამოაშკარავება ურჩია და მანც ფედერაციაში წერილი გაგზავნა, რომლითაც ”რენოს” ხელმძღვანელების - გუნდის შეფ ფლავიო ბრიატორესა და ტექნიკურ დირექტორ პეტ სიმონდსს მისი ავარიის წინასწარ დაგეგმვაში დასდო ბრალი.
პიკეს ჩვენებაში სწერია, რომ სინგაპურული რბოლის წინ, ბრიატორემ და სიმონდსმა მას მე-17 მოსახვევში მანქანის დამტვრევა სთხოვეს. ავარია მას შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც პიკეს ესპანელი თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო პირველ პიტ სტოპს მოივლიდა. ეს პიტ სტოპიც ზუსტად იყო დაგეგმილი - მე-13 და მე-14 წრეებს შორის. ალონსოს პიტ სტოპი ადრეული იყო და ის სხვებთან უპირატესობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებდა, თუ ტრასაზე პეისქარი გამოვიდოდა. ეს კი სწორედ მე-17 მოსახვევში ავარიის შემთხვევაში მოხდებოდა, რადგან ტრასის იმ სეგმენტში საევაკუაციო ტექნიკა არ იმყოფებოდა. ამის შესახებ კარგად უწყოდნენ ბრიატორემ და სიმონდსმა და მათი გეგმაც სწორედ ამ გარემოებას დაეყრდნო.
რამდენიმე დღის წინ, ფედერაციამ სიმონდსს ხელშეუხებლობის გარანტია აღუთქვა იმ შემთხვევისთვის, თუ მომხდარის შესახებ სრულ სიმართლეს იტყოდა. მაგრამ სანამ სიმონდსი პასუხს მოიფიქრებდა, ”რენოზომ” ისიც და ბრიატორეც დაითხოვა. იმავდროულად გამოაცხადა, რომ FIA-ს მოტორსპორტის მსოფლიო საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეეგუება და არ გააპროტესტებს.
როგორც ჩანს, ფრანგული გუნდი იმის მტკიცებას ეცდება, რომ ავარიის დაგეგმვის შესახებ მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა, გუნდის დანარჩენი წევრები კი საქმის კურსში არ იმყოფებოდნენ.
”რენოდან” ბრიატორეს გაშვების მიუხედავად, იტალიელ მენეჯერს ფედერაცია საქმის მოსმენისას დასაკითხად მაინც იწვევს. იქვე მიწვეულია ალონსოც, სიმონდსი კი - არა. სინგაპურის რბოლის სტიუარდები თვლიან, რომ ალონსომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.
მოკლედ, ფრანგული გუნდის ბედი დღეს, პარიზში გადაწყდბა. მოსალოდნელია, რომ სასჯელი ძალიან მკაცრი იქნება, თუ საქმის განხილვისას დროს დამტკიცდება, რომ ავარიის დაგეგმვის შესახებ ზემოთ ნახსენები სამეულის გარდა, კიდევ ვინმემ იცოდა...
No comments:
Post a Comment