”მერსედესი” ”ბრაუნის” აქციების 75%-ს შეიძენს
Mercedes-Brawn
10 სექტემბერი
”მერსედეს-ბენცი” თანახმაა, სამი წლის განმავლობაში ”ბრაუნის” აქციების 75 პროცენტი გამოისყიდოს. გერმანული გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტი” იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ისინი კონტრაქტსაც მალე გააფორმებენ.
როცა აქციების გამოსყიდვა დასრულდება, ”ბრაუნი” ფაქტობრივად, ”მერსედეს-ბენცის” საქარხნო გუნდი გახდება. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, შტუტგარტულ კომპანიას ფორმულა 1-ში საკუთარი გუნდი არ ჰყოლია. ასეთად მას კარგა ხანს, ”მაკლარენი” ჰყავდა დაგულებული, მაგრამ მისი მხოლოდ 40 პროცენტის შესყიდვა შეძლო (უფრო მეტი რონ დენისმა არ დაუთმო) და მართალია, ამით უკმაყოფილემა ხმამაღლა არასდროს გამოუთქვამს, მაგრამ აშკარა იყო, რომ ”სამქიმიანებს” ამაზე მეტი სურდათ. ახლა კი, როდესაც ”ჰონდას” ნარჩენებზე აღმოცენებული ”ბრაუნი” მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერად მოგვევლინა, პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა გიგანტმა მას უმალ მიაქცია ყურადღება.
”მერსედეს-ბენცს” ”მაკლარენთან” ექსკლუზიური კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს და ამ კონტრაქტის გამო, ”ბრაუნთან” თანამშრომლობის გაღრმავების უფლება არ აქვს. ამიტომ, ”ბრაუნის” ინტერესის შესანარჩუნებლად, მის აქციებს თავის არაბ პარტნიორს, საინვესტიციო კომპანია ”ააბარს” შეაძენინებს. და როცა ”მაკლარენთან” კონტრაქტი დაუმთავრდება, ამ აქციებს თავად გამოისყიდის. ასე მოქმედების შესაძლებლობა ”დაიმლერის” მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ არ გამორიცხა.
”ჩვენი არაბი პარტნიორები არამხოლოდ უზარმაზარ ფინანსებს განაგებენ, არამედ მათ ჩვენი ავტომობილების მიმართ დიდი ემოციური ინტერესეც აქვთ. და თუ ჩვენ ფორმულა ერთში ჩვენი პიზიციის შეცვლას მოვისურვებთ, ამ საკითხში სათანამშრომლოდ აუცილებლად დაველაპარაკებით აბუ დაბის ხელისუფლებას”, - ამბობს ცეტშე.
ცნობისათვის, აბუ დაბი წელს პირველად უმასპინძლებს ფორმულა ერთის ეტაპს - სეზონის ბოლო რბოლა აბუ დაბის ულტრათანამედროვე ”იას მარინა ცირკვიტზე” გაიმართება. იმავდროულად, აბუ დაბის მთავრობის კუთვნილ საინვესტიციო ფონდ ”მუბადალას” ”ფერარის” აქციების 5 პროცენტი ეკუთვნის.
რა ბედი ეწევა ”მაკლარენს”?
არაა გამორიცხული, რომ გერმანული კომპანიის ორიენტაციის შეცვლა ”მაკლარენთან” ორმხრივი შეთანხმებით მოხდა. უკვე დიდი ხანია, რაც ”მაკლარენის” შეფმა რონ დენისმა ამბიციური გეგმა წამოიწყო, რომლის მიხედვითაც, მალე მისი კომპანია საგზაო ავტომობილების ისეთივე მწარმოებელი გახდება, როგორიც ”ფერარია”. ამის ტექნოლოგიური და საინჟინრო პოტენციალი უოკინგურ საჯინიბოს გააჩნია.
სულ ახლახანს, ”მაკლარენმა” თავისი პირველი დამოუკიდებელი (ლეგენდარული F1 ასეთი არ იყო - მას ბეემვეს ძრავი ჰქონდა) სერიული სუპერავტომობილი (მაკლარენ MP4-12C) წარმოადგინა და გვპირდება, რომ ცოტა ხანში, კიდევ მინიმუმ ორის წარმოებას დაიწყებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ”მაკლარენ MP4-12C-ს” საკუთრივ რონ დენისის კომპანიის მიერ დამზადებული ძრავი აქვს, რაც პირველი სერიოზული ნიშანია იმისა, რომ ”მაკლარენი” უკვე ფლობს მაღალტექნოლოგიური ძრავების წარმოების ტექნოლოგიას.
არაა გამორიცხული, რომ იმ დროისთვის, როდსაც ”მერსედეს-ბენცთან” ექსკლუზიური კონტრაქტი დაუმთავრდება, ინგლისურმა კომპანიამ თავისი ფ1-ის გუნდსთვის საკუთარი წარმოების ძრავი მოამზადოს. და მაშინ, ფორმულა 1-ში კიდევ ერთი ისეთი გუნდი გამოჩნდება, რომელიც შასის, ძრავს, გადაცემათა კოლოფს და ძირითადი კვანძების დიდ ნაწილს თვითონვე ამზადებს.
No comments:
Post a Comment