ალონსო კარიერას ”ფერარიში” დაასრულებს
Alonso sure Ferrari will be his last team
14 იანვარი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო აცხადებს, რომ ფორმულა 1-ში თავის კარიერას ”ფერარიში” დაასრულებს. ესპანელი პილოტი მარანელოელთა ბანაკში გასული სეზონის შემდეგ გადაბარგდა და იქ ფინელი კიმი რაიკონენი შეცვალა. იტალიურ გუნდთან მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და გამორიცხული არაა, რომ სამი წლის შემდეგ, ის კიდევ რამდენიმე წლით გააგრძელოს.
ჯერჯერობით, ალონსოს თავისი ახალი გუნდის ახალი მანქანის ტესტირების საშუალება არ მისცემია, თუმცა ის გუნდთან ერთად უკვე მუშაობს და ამბობს, რომ ტექნიკურ პერსონალთან უკვე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მარანელოში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
”ჩემს სარბოლ ინჟინერთან და ტექნიკურ პერსონალთან უკვე კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. როცა ფაბრიკაში არ ვარ, ჩვენ ერთმანეთს ტელეფონით და ინტერნეტით ვეკონტაქტებით და ინფორმაციას ვცვლით. ამგვარად, მუდმივად საქმის კურსში ვარ, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი მანქანის მზადება. ასე რომ, ტესტების დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. პირველივე დღიდან, გუნდში ისე მიმიღეს, რომ თავს შინ ვგრძნობდი. მარანელოში რომ ჩავედი, იქ სამუშაო განწყობა დამხვდა. ყველა თავის საქმეს მონდომებით აკეთებს. სხვაგან საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება არ მინახავს”, - ამბობს ალონსო.
კითხვაზე, აპირებს თუ არა თავისი კარიერის ”ფერარიში” დასრულებას, ალონსომ უპასუხა: ”ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ნებისმიერი პილოტისთვის, ”ფერარიში” მოხვედრა კარიერის მწვერვალია. ”ფერარიში” ყოფნის შემდეგ, თითქმის წარმოუდგენელია, მოძებნო იმის მოტივაცია, რომ სხვა გუნდში ასპარეზობა ისურვო. ამ გუნდს უნიკალური ისტორია აქვს და ძნელია სხვაგან ისეთი გარემოს პოვნა, როგორიც აქაა. ეს ლეგენდარული გუნდია თავისი ყალყზე შემდგარი კვიცით (ემბლემით). ახლა ძალიან დამშვიდებულად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემს ერთ-ერთ მიზანს უკვე მივაღწიე - ამ გუნდის წევრი ვარ”.
ალონსომ, ვინც თავისი ორი ტიტული 2005 და 2006 წლებში მოიპოვა, როდესაც ”რენოში” ასპარეზობდა, განაცხადა, რომ პირველივე სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება და დასძინა, რამდენიმე რბოლა დასჭირდება იმისათვის, რომ გუნდის განუყოფელ ნაწილად იგრძნოს თავი.
”რა თქმა უნდა, პირველი სეზონი ძალიან ძნელი იქნება. მანქანასთან შესაგუებლად, მხოლოდ რვა სატესტო დღე მექნება. ვიცი, რომ სამი-ოთხი რბოლა დამჭირდება იმისათვის, რომ რომ მანქანას ბოლომდე შევეგუო. მაგრამ მეოთხე რბოლიდან, თქვენ ალონსოს და ”ფერარის” საუკეთესო ტანდემის ხილვის საშუალება გექნრბათ”, - პირობას დებს ესპანელი და დასძენს, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი, მიხაელ შუმახერის მიღწევის გამეორებაა, თუმცა ეს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია.
”გამარჯვება ყოველთვის ჩემი მიზანია, თუმცა თანამედროვე ფორმულა 1-ში შვიდი ტიტულის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. დღეს ჩემპიონატში ბევრი თანაბარი შესაძლებლობის გუნდი მონაწილეობს, რომლებს შორის განსხვავებაც წამის ორი-სამი მეათედია. ასე რომ, მიხაელის მიღწევის გამეორება და ზედიზედ ხუთი, ან ოთხი ტიტულის მოგება წარმოუდგენელია”.
No comments:
Post a Comment