ვილი ვებერი - ჰულკენბერგი ”ფერარიში” მალე გადავა
Weber plans Ferrari future for Hulkenberg
30 იანვარი
სერია GP2-ის მოქმედ ჩემპიონს, გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს ჯერ ფორმულა 1-ის არცერთ რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი მენეჯერი ვილი ვებერი დარწმუნებულია, რომ უახლოეს სამ წელიწადში მას აუცილებლად ვიხილავთ ”ფერარიში”.
ვებერი, ვინც სახელი იმით გაითქვა, რომ მიხაელ შუმახერის მენეჯერია და მისგან, გაწეული სამსახურისთვის, ჰონორარების 20 პროცენტს იღებდა, რისთვისაც მეტსახელად მისტერ ოცი პროცენტი შეარქვეს, აცხადებს, რომ ჰულკენბერგს ”ფერარიში” მოხვედრის რეალური შანსი შარშანვე მიეცა, როდესაც იტალიური გუნდი, უნგრეთის დიდი პრიზის დროს მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ფელიპე მასას დროებით შემცვლელს ეძებდა.
”მაშინ ჩვენ ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მთელ ყურადღებას GP2-ის კამპანიაზე გადავიტანდით და მისი ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას გავაგრძელებდით. ახლა კი ფორმულა 1-სთვის დებიუტის დრო დადგა და მე ამისათვის კარგად მომზადებული ვარ. ალბათ, კარგად მოვიქეცით, რომ შარშან არ ავჩქარდით”, - ამბობს 22 წლის გერმანელი პილოტი, ვინც მომავალ სეზონს ”უილიამსში”, ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოსთან ერთად გაატარებს.
ვებერი კი დარწმუნებულია, რომ მისი ახალი აღმოჩენა, რომელსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მალე გამოიჩენს თავს და დიდი გუნდების ყურადღებას მიიქცევს, რაც მას, საბოლოოდ მარანელოში მიიყვანს.
”სამ წელიწადში ნიკო აუცილებლად ”ფერარიში” გადავა”, - ფინურ გამოცემა ”ტურუნ სანომატთან” საუბრისას განაცხადა ვებერმა, ვინც თავის დროზე, დიდი როლი ითამაშა შუმახერის ”ფერარიში” გადასვლაში.
No comments:
Post a Comment