დე ლა როსა ”ზაუბერში” გადავიდა
De
21 იანვარი
ესპანელი პედრო დე ლა როსა ფორმულა 1-ს უბრუნდება - ”მაკლარენის” აწ უკვე ყოფილმა ტესტ და სარეზერვი პილოტმა შვეიზარულ ”ზაუბერთან” გააფორმა კონტრაქტი. 38 წლის ეაპსნელი პილოტი შვიდი წელი ”მაკლარენის” წევრი იყო, მომავალ სეზონში კი ”ზაუბერში” იაპონელ კამუი კობაიაშის თანაგუნდელი იქნება.
”პედრომ არაერთი წელი გაატარა ტოპ გუნდში და საუკეთესო დონის ტექნიკასთან ჰქონდა საქმე და მისი გამოცდილება ჩვენს გუნდს დიდად გამოადგება. მისი გამოცდილებით ახალგაზრდა კამუი კობაიაშიც ისარგებლებს და ეს მას უმაღლესი დონის პილოტად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. პილოტების ასეთი კომბინაცია ხშირად ამართლებს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ კარგი მანქანა მოვუმზადოთ. ამჟამად, მასზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ეს მუშაობა არც მაშინ შეწყვეტილა, როცა გუნდის ბედი გაურკვეველი იყო”, - განაცხადა ”ზაუბერის” შეფმა პეტერ ზაუბერმა.
დიდი პრიზების არენაზე დაბრუნებით ძლიერ გახარებულია დე ლა როსა, რომელმაც ბოლოს რბოლაში მონაწილეობა 2006 წელს მიიღო, როცა ბრაზილიის დიდ პრიზზე კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია შეცვალა.
”ყოველთვის მჯეროდა, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნებას შევძლებდი. მას შემდეგ, რაც სატესტო დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ რომელიმე გუნდის საპრიზო პილოტის ადგილი მომეპოვებინა და დღეს ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა”, - განაცხადა დე ლა როსამ.
No comments:
Post a Comment