ბაჰრეინი კალენდარში შეიძლება წელსვე დაბრუნდეს
FIA Hints at Bahrain GP Reschedule in 2011
22 თებერვალი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) გაგებით მოეკიდა ბაჰრეინის დიდი პრიზის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობათა გამო, არ ჩაატარონ ფორმულა 1-ის 2011 წლის ჩემპიონატის პირველი ეტაპი. თუმცა FIA ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყენებს სიტყვა გაუქმებას და რბოლას გადადებულად აცხადებს.
ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ბაჰრეინული რბოლის მოგვიანებით ჩატარების პერსპექტივა არსებობს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, გამორიცხულია, რომ რბოლა შემოდგომამდე ჩატარდეს, რადგან ზაფხულის ხვატში იქ ეს შეუძლებელი იქნება.
სხვათა შორის, FIA-მ ბრიტანული მედიის მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. ამის მიზეზი კი, ბაჰრეინში მიმდინარე პროცესების ფონზე, ფედერაციის უმოქმედობა იყო. მისმა ხელმძღვანელობამ განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რბოლის ჩატარებაზე უარი თავად ბაჰრეინის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა განაცხადეს. ამასთან, ფედერაციამ პრაქტიკულად შეასრულა ფ1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელ ბერნი ეკლსტოუნის სურვილი - ბაჰრეინული ეტაპი გადადებულად გამოაცხადა. არადა, სწორედ FIA არის ის ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი შემთხვევების დროს, ყველაზე მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და სიტუაციაც თავად მართოს.
რაც შეეხება ეკლსტოუნს, ის უკვე ფიქრობს იმაზე, რომ კალენდრის ახალი ვარიანტი მოამზადოს, რომლის ბოლოშიც გარკვეული გადაადგილებები მოხდბა. ეს ვარიანტი კი იმ შემთხვევისთვის ამოქმედდება, თუ ბაჰრეინში პოლიტიკური სიტუაცია მოგვარდება და იქ რბოლის ჩატარება შესაძლებელი გახდება.
No comments:
Post a Comment