Bahrain Grand Prix Canceled from 2011 F1 Calendar
21 თებერვალი
ფორმულა 1-ის 2011 წლის სეზონის პირველი ეტაპი - ბაჰრეინის დიდი პრიზი აღარ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება, რბოლის ორგანიზატორებმა მიიღეს და მის შესახებ, ქვეყნის პრინცმა სალმან ბინ ჰამად ბინ ისა ალ-ხაიფამ, ბერნი ეკლსტოუნს თავად, სატელეფონო საუბრისას აცნობა.
პრინცის განცხადებით, ამ ეტაპზე, მისი ქვეყნისთვის ფორმულა 1-ზე გაცილებით მნიშვნელოვანი იმ არეულობის მოგვარებაა, რომელსაც უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „ბერნი ეკლსტოუნმა გვაცნობა, რომ რბოლის გამართვის გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენი მისაღები იყო და პასუხი აქამდე არც მოუთხოვია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე სჯობს, თუ ყურადღებას მთლიანად ეროვნულ ინტერესებზე გადავიტანთ, ბაჰრეინის დიდ პრიზს კი მოგვიანებით ჩავატარებთ“, - ამბობს პრინცი.
რა თქმა უნდა, ეკლსტოუნი ამ ცნობამ დაამწუხრა. ის ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ რბოლა მაინც ჩატარდებოდა. ახლა კი ისიც არ იცის, რა მოიმოქმედოს - ბაჰრეინული ეტაპი კალენდარში დატოვოს და უფრო გვიან დანიშნოს, თუ სულ გააუქმოს. ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ სეზონს ავსტრალიის დიდი პრიზი გახსნის, რომელსაც 27 მარტს მელბურნის ალბერტ პარკი უმასპინძლებს.
ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომის აღმასრულებელი ზაიედ ალზაიანი იმედოვნებს, რომ ფ1 ბაჰრეინს მალე დაუბრუნდება. იგივეს იმედი აქვს „ფერარის“ ბრაზილიელ ფელიპე მასას, ვისაც ბაჰრეინული რბოლა ორჯერ აქვს მოგებული, რის გამოც, ეს ადგილი მისთვის განსაკუთრებულია. ის იმედოვნებს, რომ ბაჰრეინული ეტაპი კალენდარს ამ სეზონშივე დაუბრუნდება, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ამ ქვეყნისთვის, ამ ეტაპზე, გაცილებით მნიშვნელოვანი, სიმშვიდის შენარჩუნებაა.
No comments:
Post a Comment