კუბიცას მდგომარეობა „სტაბილური, თუმცა სერიოზულია“
Kubica's condition is 'stable but serious'
7 თებერვალი
იტალიაში, რალი ანდორას ტურის პირველივე სპეცმონაკვეთზე ავარიაში მოყოლილ პოლონელ რობერტ კუბიცას კვირასვე, ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც, ექიმებმა ის ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, რათა გამოჯანმრთელების პროცესმა გართულების გარეშე დაიწყოს.
ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ქალაქ პიეტრა ლიგურეს ჰოსპიტალ სანტა კორონაში ოპერაცია 7 საათს გრძელდებოდა. ექიმების მიზანს, მარჯვენა ხელის ქმედითუნარიანობის შენარჩუნება წარმოადგენს. ისინი პილოტის მდგომარეობას აფასებენ, როგორც „სტაბილურს, თუმცა სერიოზულს“.
პროფესორი მარიო იგორ როსელო, ვინც კუბიცას ხელზე ოპერაციას ხემძღვანელობდა, ამბობს, რომ კმაყოფილია ტრავმირებულის ხელის მდგომარეობით და ოპერაციის შედეგით, თუმცა დასძენს, რომ ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რამდენად სრულად აღუდგება კუბიცას ხელის ქმედითუნარიანობა.
„ძალიან ძნელი, თუმცა აუცილებელი ოპერაცია ჩავატარეთ. რობერტ კუბიცას მარჯვენა მკლავზე ორი ღრმა ჭრილობა აქვს. სერიოზულადაა დაზიანებული ძვლები და მყესები. ოპერაციის დროს ყველაფერი ვიღონეთ, რომ მისი მკლავის ქმედითუნარიანობა სრულად აღგვედგინა. ოპერაციაში მონაწილეობა შვიდმა ექიმმა მიიღო, რომლებიც ორ ჯგუფად გავიყავით და საერთო ჯამში, ოპერაციას შვიდი საათი მოვუნდით“, - ყვება პროფესორი და დასძენს, რომ ოპერატორთა პირველ, საგანგებო ჯგუფში, სავონას სან პაოლოს ჰოსპიტალის ქირურგები შევიდნენ, რომლებსაც ტრავმირებული ადგილების პირველადი დამუშავება დაევალათ. ოპერაციის მეორე ნაწილი კი ჰოსპიტალ სანტა კორონას ორთოპედიული დეპარტამენტის სპეციალისტებმა ჩაატარეს.
პროფესორი როსელო ამბობს, რომ რაც მთავარია, ოპერაციის შემდეგ, კუბიცას ხელი თბილი იყო და ის გამაღიზიანებელ ფაქტორებზე რეაგირებდა. ეს კი ნიშნავს, რომ სისხლძარღვთა მუშაობა აღსდგა, ნერვული დაბოლოებები კი თავიანთ ფუნქციას ასრულებენ.
მაგრამ ექიმები ვარაუდობენ, რომ დაზიანებული ხელის რეაბილიტაციას ხანგრძლივი პროცედურები დასჭირდება და შესაძლოა, პოლონელ პილოტს მთელი სეზონის გამოტოვება მოუხდეს. პროფესორი როსელო ამბობს, რომ მინიმუმ ერთი კვირა იქნება საჭირო იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კუბიცას ხელის შემდგომ ბედზე ლაპარაკი. თუმცა მთავარი ისაა, რომ ოპერაციამ ამ ეტაპზე, მისი ამპუტირების საჭიროება გამორიცხა.
No comments:
Post a Comment